საქართველოს ეროვნული ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ის დონეზე დატოვა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზებთან თანხვედრაშია.
როგორც თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია განმარტავს, სებ-ის გადაწყვეტილება თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისი იყო და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელ დონეზე შენარჩუნებაზე მრავალი ფაქტორი მიანიშნებდა. მათ შორის იყო გარე და შიდა ფაქტორები და ლარის კურსის მერყეობა, რაც სებ-ის პრესრელიზშიც იყო აღნიშნული. ასევე გასათვალისწინებელია აშშ-ის ისევ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა.
„მონეტარული პოლიტიკის განაკვეთისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე დოლარის განაკვეთი. ის ფაქტი, რომ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ ისევ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ნარჩუნდება, ესეც შემზღუდველი ფაქტორია და გასათვალისწინებელია, როგორც დამატებითი არგუმენტი. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ევროპის ცენტრალური ბანკისა და ბევრი ანალიტიკოსის განცხადებით, დოლარის განაკვეთი მოქმედებს არა მხოლოდ საქართველოს მსგავსი ქვეყნების, არამედ ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებაზეც“, - აცხადებს ოთარ ნადარაია.
თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ სხვა თანაბარ პირობებში წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი დაახლოებით 8%-ის დონეზე იქნება.
„სავალუტო შემოდინებები გაძლიერდა. იცით, რომ ლარის კურსზეც უფრო ოპტიმისტურისკენ გადმოვიხარეთ, ვიდრე ნეიტრალურისკენ. ჩვენნაირ ეკონომიკებში, როცა გაურკვევლობა მაღალია და სენტიმენტები იქნება, თუ სხვა ფაქტორები მოქმედებს, ეს რაღა თქმა უნდა შემცირების საწინააღმდეგო არგუმენტია. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ როდესაც ეკონომიკური ზრდა და სავალუტო შემოდინებები მაღალია, ესეც შემცირების საწინააღმდეგო არგუმენტია. მაგალითად, გვახსოვს პერიოდი, როდესაც ლარი მყარდებოდა, ეკონომიკური ზრდა ორნიშნა იყო, საკრედიტო აქტივობაც მაღალი იყო, მაგრამ ამ პერიოდში სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არ შეამცირა, რადგანაც ეკონომიკის ზედმეტ გადახურებას არ ჰქონოდა ადგილი. ამიტომ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენი პროგნოზი არ შეცვლილა და წლის ბოლოს, დაახლოებით იგივე ნიშნულზე გვაქვს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რაც ღღეისთვისაა, საუბარია დაახლოებით 8%ზე“, - აცხადებს ნადარაია.
უახლესი