დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-ის გადაწყვეტილებები დადებითად იმოქმედებს ლარის კურსსა და ეკონომიკურ აქტივობაზე - ლაშა ქავთარაძე

სებ-ის გადაწყვეტილებები დადებითად იმოქმედებს ლარის კურსსა და ეკონომიკურ აქტივობაზე - ლაშა ქავთარაძე

29-11-2023 16:30:33

Galt & Taggart-ის ანალიტიკოსმა ლაშა ქავთარაძემ Business Insider Georgia-თან ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის თანახმადაც კონტრციკლური ბუფერის დაგროვება ეტაპობრივად მოხდება, ხოლო უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარი 25%-დან 20%-მდე მცირდება.

„კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვრის 25 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შემცირება, გარკვეულწილად ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მეტი უცხოური ვალუტის ლიკვიდურობა დაეხმარება კომერციულ ბანკებს, რომ უცხოურ ვალუტაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გარკვეულწილად შემსუბუქდეს, იმ ფონზე, როდესაც აშშ-სა და ევროკავშირში საპროცენტო განაკვეთები იზრდება და ეს გადმოეცემა ჩვენს საბანკო სექტორს, ეს გადაწყვეტილება შემცირებისკენ არის მიმართული და მეორე, მეტი ლიკვიდურობა უცხოურ ვალუტაში გარკვეულწილად ლარის კურსის სტაბილურობას დაუჭერს მხარს. ეს გადაწყვეტილება ეროვნულ ვალუტაზე დადებითად მოქმედებს. ლარის სტაბილურობა კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამას სხვა ფაქტორებზე აქვს პოზიტიური გავლენა. კერძოდ, ინვესტიციებზე, მოხმარებაზე, ინფლაციაზე, რომელიც ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. თუ ლარის კურსი სტაბილური იქნება, ეს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ეროვნულ ბანკს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამციროს“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

მისი თქმით, კონტრციკლური ბუფერის გადანაწილება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა რადგან, საბანკო სექტორისთვის ესეც შემსუბუქების ნაწილია.

„მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარედ კომერციულ ბანკებს აქვთ ეს ბუფერები, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ დაკრედიტება არ იყოს შეზღუდული 2024 წლისთვის, რაც მხარს დაუჭერს ეკონომიკის ჯანსაღ ზრდას. სებ-მა ბანკებს საშუალება მისცა, რომ 2027 წლამდე ნეიტრალური ბუფერი შეავსონ. იწყება 0,25%-ით და ადის 1%-მდე. მთლიანობაში ებ-ის ორივე გადაწყვეტილება არის პოზიტიური იმ კუთხით, რომ დადებითად მოქმედებს ლარის კურსზე და შესაბამისად ეკონომიკურ აქტივობაზე“, -აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, კონტრციკლური ბუფერის დაგროვება ეტაპობრივად მოხდება, ხოლო უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარი მცირდება.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბანკებს ნეიტრალური კონტრციკლური ბუფერის დაგროვება შემდეგი განრიგით მოეთხოვებათ: 2024 წლის 15 მარტისთვის - 0.25 პროცენტი, 2025 წლის 15 მარტისთვის - 0.5 პროცენტი, 2026 წლის 15 მარტისთვის - 0.75 პროცენტი, 2027 წლის 15 მარტისთვის - 1 პროცენტი. დამატებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 25 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შეამცირა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები