სებ-ის გადაწყვეტილება, რომ რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე დაეტოვებინა ეს თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინთან, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბრისას Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გარე ფაქტორებთან ერთად გასათვალისწინებელია შიდა ფაქტორებიც.
„სებ-მა თავის პრესრელიზში აღნიშნა, რომ ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ფასები გაზრდილია. თებერვალში მართლაც ადგილობრივმა ინფლაცია მოიმატა 3%-მდე. ამასთან ყურადღება გაამახვილა იმ რისკებზე, რაც გეოპოლიტიკურად არის შექმნილი. შიდა ფაქტორები და ის პოლიტიკური სიტუაცია, რაც ქვეყანაშია ესეც გასათვალისწინებელია. ამასთან ერთად, ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაზეც ყურადღებას ამახვილებენ არის ის, რომ შიდა მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ეს გამოვლინდა კიდეც ეკონომიკურ ზრდაში. როდესაც 11,1%-ით იზრდება ეკონომიკა, ნიშნავს, რომ ფაქტიური მშპ მნიშვნელოვნადაა გადახრილი მისი პოტენციური დონიდან და როდესაც ეს ფაქტი ფიქსირდება წნეხი მოთხოვნის მხრიდან არის ინფლაციაზე.
არ არის მოსალოდნელი, რომ ეს წნეხი შემსუბუქებული იქნება წლის განმავლობაში, ანუ მოთხოვნიდან ზეწოლა იქნება წლის განმავლობაში ინფლაციაზე. ასევე გასათვალისწინებელია მიწოდების ფაქტორებიდან საერთაშორისო ბაზრებზე თუ როგორი სიტუაცია იქნება. მაგალითად, სურსათზე ფასები უკვე მომატებულია. საერთაშორისო ბაზრებზე, თებერვალში უფრო მაღალი იყო ზრდის ტემპი, ვიდრე ეს იანვარში ფიწსირდებოდა. შესაბამისად, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება ნიშნავს, რომ იმპორტირებული ინფლაციიდან წნეხი ჩვენთანაც წარმოიქმნება. აქ მნიშვნელოვანი იქნება გაცვლითი კურსი. თუ გაცვლითი კურსი იმ დონეზე შენარჩუნდება რაც დღესაა, მაშინ ეს გარკვეულწილად გაანეიტრალებს ამ წნეხს, მაგრამ თუ რყევები იქნება და გაცვლითი კურსი გაუფასურების მიმართულებით იქნება, მაშინ ეს კიდევ უფრო გაამძაფრებს იმპორტირებული ინფლაციის წნეხს მთლიან ინფლაციაზე. ამიტომ ამ ყველა ფაქტორის ერთობლივად მხედველობაში მიღებით იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომ რეფინანსირების განაკვეთი 8%-ის დონეზე ყოფილა შენარჩუნებულიყო. ჩვენც ვფიქრობთ, რომ ვიდრე არ გამოჩნდება პოზიტიური სიგნალები გლობალურად, საერთაშორისო ბაზრებზე დიდი გაურკვევლობები არ მოიხსნება, მანამ 8%-ის დონეზე შენარჩუნება არის ოპტიმალური“, - აცხადებს ლაშა ქავთარაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 12 მარტის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.
უახლესი
1 საათის წინ
ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია - ასომთავარი