დოლარიზაციით გამოწვეული რისკების შერბილების მიზნით, ეროვნული ბანკი დამატებით მოთხოვნას უწესებს რეგულირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს.
კერძოდ, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, იმ პირებზე, რომელთა ჯამური დავალიანება 300,000 ლარამდე იქნება, უცხოური ვალუტის ახალი სესხი გასცენ მხოლოდ ჰეჯირებული სავალუტო რისკის პირობებში.
როგორც სებ-ის პრეზიდენტის №374/04 ბრძანებაშია აღნიშნული, სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 300 000 ლარამდე სესხი/საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ლარით გაცემულ სესხად/საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი/საბანკო კრედიტი.
მოთხოვნები არ ვრცელდება, თუ:
ა) სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის შედეგად თითოეული მსესხებლის ჯამური ვალდებულებები ამავე გამსესხებლის მიმართ 300 000 ლარს აღემატება. ჯამური ვალდებულებების დათვლისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ან/და თავდებობით ნაკისრი ვალდებულებები;
ბ) სესხი/საბანკო კრედიტი გაიცემა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ან/და საქართველოში არარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე;
გ) სესხი/საბანკო კრედიტი სრულად არის უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში;
დ) სესხების/საბანკო კრედიტების გადასახდელად საკმარის შემოსავალს მსესხებელი სრულად იღებს სესხის/საბანკო კრედიტის შესაბამის ვალუტაში. შემოსავალი ჩაითვლება სესხის/საბანკო კრედიტის შესაბამის ვალუტაში მიღებულად, თუ შემოსავლის წყარო სესხის/საბანკო კრედიტის ვადიანობის განმავლობაში არ არის მგრძნობიარე გაცვლითი კურსის მერყეობის მიმართ და მისი წარმოშობის წყარო დაკავშირებულია ისეთ ქვეყანასთან, რომელშიც სესხის/საბანკო კრედიტის ვალუტა არის ეროვნული ვალუტა. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, სამეწარმეო მიზნობრიობით გაცემული სესხის/საბანკო კრედიტის შემთხვევაში, სესხის გამცემი ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა-პროცედურებით განსაზღვრული სესხის/საბანკო კრედიტის მომსახურების ჯანსაღი კოეფიციენტი სრულად დაცული უნდა იყოს სესხის/საბანკო კრედიტის ვალუტაში არსებული შემოსავლით;
ე) ხორციელდება სესხის/საბანკო კრედიტის იმავე ვალუტაში რეფინანსირება/საყურადღებოდ მოდიფიცირება/რესტრუქტურიზაცია და იმავდროულად არ იზრდება მსესხებლის არსებული ვალდებულებების მოცულობა. ვალდებულებების მოცულობის ზრდად არ ითვლება სესხზე/საბანკო კრედიტზე დარიცხული და გადაუხდელი პროცენტის, საკომისიოს, პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი სხვა ფორმის ფინანსური სანქციის კაპიტალიზაცია, ასევე, ნოტარიუსის, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურების ხარჯები ან/და სესხთან/საბანკო კრედიტთან დაკავშირებული სხვა ხარჯი.
იმავდროულად, ძალადაკარგულად გამოცხადდეა „კომერციული ბანკების მიერ 200 000 ლარამდე სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 იანვრის №7/04 ბრძანება.
უახლესი