საინვესტიციო ბაზრისა და აქტივების დივერსიფიცირების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული საინვესტიციო ინსტრუმენტის - ოქროს სერტიფიკატების გამოშვებასა და ოქროს ზოდების გაყიდვას იწყებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო.
ოქროს სერტიფიკატებიც და ზოდებიც 20 გრამიანი და 1 კგ-იანი ნომინალის იქნება. 20 გრამიანი ნომინალის ოქროს ზოდის შეძენა ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიიდანაც იქნება შესაძლებელი. საიტზე მომხმარებელი დეტალურად გაეცნობა ზოდების შესახებ ინფორმაციას და ფასს, რომლის დადგენაც ყოველდღიურად, ლონდონის ძვირფასი ლითონების ბაზრის ასოციაციის ვებ-გვერდზე (LBMA) დაფიქსირებული ფასით და ეროვნული ბანკის მიერ ლარის მიმართ აშშ დოლარის გაცვლის ოფიციალური კურსის მიხედვით მოხდება. 1 კგ-იანი ნომინალის ოქროს ზოდის შეძენა კი საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრიდან იქნება შესაძლებელი (ორშაბათი-პარასკევი 10:00-13:00 სთ; 14:00-17:00 სთ.).
სებ-ი დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის, The Royal Mint-ის მიერ დამზადებულ, მაღალი სინჯის (AU 999,9)ოქროს ზოდებს გამოუშვებს გაყიდვაში. The Royal Mint მსოფლიოს წამყვანი და მრავალწლიანი ისტორიის მქონე ზარაფხანაა, რომელიც ყოველწლიურად 60 ქვეყნისთვის ამზადებს პროდუქციას.
ოქროს სერტიფიკატებისა და ოქროს ზოდების გაყიდვა 4 დეკემბრიდან დაიწყება.
მიმდინარე წელს საერთაშორისო ბაზრებზე ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა. ანალიტიკოსთა პროგნოზით, 2024 წელს უნცია ოქროს ფასი 2 000 დოლარის ნიშნულთან შენარჩუნდება, 2025 წლისთვის კი 2 500 დოლარამდე გაიზრდება.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა