საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილება.
კანონპროექტის თანახმად, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობის ან/და სისტემურ ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის მიერ მიღებული შემოსავალი დაიბეგრება 20 %-ით, ნაცვლად დღეს მოქმედი 15 %-ისა, ხოლო აღნიშნული პირების მიერ გადახდილი დივიდენდები აღარ დაიბეგრება.
კომიტეტის სხდომაზე, კანონპროექტი ერთ-ერთმა ინიციატორმა, ირაკლი ხელაძემ წარადგინა.
მისი თქმით, კანონპროექტი უზრუნველყოფს სამართლიან დაბეგვრას და სექტორის კონკურენტუნარიანობას, ასევე ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას.
კანონპროექტით, ასევე იცვლება სიგარის, სიგარილას, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის და წვის პროცესის გარეშე ინჰალაციისთვის განკუთვნილი პროდუქციის აქციზის განაკვეთი.
„თამბაქო არის უაღრესად მავნე ნაწარმი, რომელიც იწვევს სხვადასხვა ტიპის დაავადებებს, საფრთხის შემცველია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. იმისათვის, რომ მნიშვნელოვნად შევამციროთ დამოკიდებულება და მომხმარებელთა რაოდენობა, ვახორციელებთ აღნიშნულ ცვლილებებს“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
უახლესი
6 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა