საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე ინფლაციასთან დაკავშირებით ,,საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ციფრები მისთვის მოულოდნელია.
კერძოდ, როგორც ბურჯანაძე Businee Insider Georgia -თან აღნიშნავს, სექტორში რეალურად არაფერი გაძვირებულა, ამიტომ არ არის გამორიცხული, სტატისტიკაში გარკვეული ცდომილება ფიქსირდებოდეს.
,,ცოტა არ იყოს, უცნაური მონაცემია, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში ფასები გაზრდილიყო. რეალურად ამის საფუძველი არ არსებობს. კონკრეტულ პასუხს ვერ გავცემ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი... ვეჭვობ, რომ ციფრებში ცდომილება ფიქსირდებოდეს.
ხილ-ბოსტნეული არ გაძვირებულა, არც სერვისები და ამ დროს სტატისტიკამ ფასების ზრდა რის საფუძველზე დაადგინა, ნამდვილად გაუგებარია. როგორც წესი, სასტუმრო და სარესტორნო სფეროში ფასები ინფლაციის კვალდაკვალ იზრდება.
როდესაც ინფლაციური პროცესია, სარესტორნო მომსახურებასთან ერთად, მატულობს პროდუქტების ღირებულებაც, ეს მოცემულობა რეალურად არ იყო, მართლა გაუგებარი სიტუაციაა. ალბათ, ცოტა მოგვიანებით გაირკვევა სტატისტიკის დეტალები და კითხვებს შესაბამისი პასუხი გაეცემა“, - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.7 პროცენტი შეადგინა.
წლიურ ჭრილში ქვეყანაში ყველაზე მეტად სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურების ფასები გაძვირდა.
როგორც ,,საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციიდან ირკვევა, სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების მომსახურების ფასები 7%-ით არის გაზრდილი.
უახლესი