საპროცენტო განაკვეთის კლების ტენდენციას, ყოველთვის აქვს პოზიტიური გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ევა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომელმაც აშშ-სა და ევროპის ცენტრალურ ბანკების მიერ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება და საქართველოზე მისი გავლენა შეაფასა.
„ზოგადად საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, როგორც სებ-ის გადაწყვეტილებები ლარის საპროცენტო განაკვეთთან მიმართებაში, ისე უცხოური ვალუტის შემთხვევაში თუ რა გადაწყვეტილებებს იღებენ ამერიკის და ევროპის ცენტრალური ბანკები.
ზოგადად ბოლო პერიოდში საპროცენტო განაკვეთებს ზრდა გამოიწვია მაღალ ინფლაციურმა გარემომ, რომელიც პრობლემა იყო არამხოლოდ საქართველოში, ისე მსოფლიოში. თითქმის ყველა ცენტრალურ ბანკს მოუწია საპროცენტო განაკვეთების ზრდა და არც სებ-ი იყო გამონაკლისი. თუმცა, საქართველოში 2023 წლის გაზაფხულიდან ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს და შესაბამისად სებ-ს მიეცა იმის შესაძლებლობა, რომ რეფინანსირების განაკვეთი 11%-დან 8%-მდე შეემცირებინა. რაც რაღა თქმა უნდა დაკრედიტებას გადაეცემა. რაც შეეხება აშშ-ს და ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებას, იქ ინფლაცია ჩვენგან განსხვავებით უფრო მდგრადი აღმოჩნდა. ანუ გვიან დაიწყო შემცირება და მაგალითად, ამერიკის ცენტრალურმა ბანკმა მხოლოდ ამ თვეში დაიწყო განაკვეთის შემცირება. ცენტრალური ბანკების პროგნოზით მომდევნო წლებშიც გაგრძელდება განაკვეთის ეტაპობრივი შემცირება, თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ ამ ეტაპზე ის არ უბრუნდება ისეთ დაბალ ნიშნულებს, რაც პანდემიამდე იყო. იცით, რომ ინფლაციური ფონი ძირითადად მომდინარეობს პანდემიიდან, მიწოდების ჯაჭვების რღვევიდან. როდესაც ვუყურებთ განაკვეთების ტრაექტორიას, მოლოდინი გაქვს, რომ ის ქართულ ბაზარსაც გადმოეცემა და ხელს შეუწყობს სამომხმარებლო და ბიზნეს აქტივობას“, - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 11 სექტემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.
„საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ 3 პროცენტზე დაბალია. მიმდინარე წლის აგვისტოში ფასების საერთო დონე წლიურად 1.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 0.9 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნებას მეტწილად ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაციის ეტაპობრივი კლება განაპირობებს. ყოველივე ეს ეკონომიკაში გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ნორმალიზების ინდიკატორია, რაც თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგია, როგორც გამკაცრების, ისე შერბილების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე მაღალია. თუმცა მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური წნეხი შედარებით სუსტია, რაც, სებ-ის შეფასებით, პოტენციური ზრდის დაჩქარებაზე მიუთითებს. ეროვნული ბანკის არსებული მაკროეკონომიკური პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2024 წელს ინფლაცია დაბალ დონეზე შენარჩუნდება და საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება.
პოზიტიური ფაქტორების მიუხედავად საყურადღებოა მაღალი გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობა, რამაც შესაძლოა ინფლაციური წნეხი წარმოქმნას. მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, მიწოდების ჯაჭვების შეფერხებები და საერთაშორისო ტრანსპორტირების გართულება კვლავ სახეზეა. ამის ფონზე, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და სურსათის ფასების მოსალოდნელი ტენდენციების შესახებ გაურკვევლობა გაზრდილია, რაც იმპორტული საქონლის ინფლაციის ზრდის რისკებს ქმნის. ამავდროულად, მაღალ ეკონომიკურ ზრდას, პოტენციალის ზრდასთან ერთად მაღალი საკრედიტო აქტივობაც ასტიმულირებს, რომლის მთავარი მამოძრავებელი შიდა მოთხოვნაა. შესაბამისად, შიდა ეკონომიკური აქტივობის ტენდენციებიც ინფლაციურ რისკებს შეიცავს.
ამ ეტაპზე არსებული შიდა და გარე ვითარების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.0 პროცენტზე შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის მიმართ ასეთი ფრთხილი მიდგომა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდეს. იმ შემთხვევაში, თუკი ინფლაციური რისკები არ რეალიზდება და ინფლაციური რისკების სიმწვავე შემსუბუქდება, ეროვნული ბანკი, ფრთხილი ბიჯებით, პოლიტიკის განაკვეთის მის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას განაგრძობს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო.
საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს“, - აღნიშნული იყო მაშინ კომიტეტის სხდომის შემდეგ სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 23 ოქტომბერს ჩატარდება.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა