საქართველოს ეროვნული ბანკი ბიზნესის ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მარტში, თებერვალთან შედარებით , ქვეყანაში სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები ფაქტობრივად არ შეცვლილა.
„ერთი მხრივ, თებერვალთან შედარებით, შემცირებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 4%-6%-იან ზრდის ინტერვალსა და 6%-8%-ის ფარგლებში ელოდებიან. ასევე გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომელიც დაბალ ინფლაციას, 0%-2%-ის ფარგლებში მოელიან. თუმცა, ამის საპირისპიროდ, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე 8%-ზე მეტად ელოდებიან“- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.
კვლევის თანახმად, შემცირებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე სამომხმარებლო ფასების 0%-2%-ის ფარგლებსა და 4%-6%-ის ზრდის ინტერვალში ელოდებიან. ამასთან, მომატებულია ეკონომიკური საქმიანობის იმ მონაწილეთა ინფლაციური მოლოდინები, რომლებიც ფასების ზრდას 6%-8%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ფიქრობენ.
კვლევის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა შეფასებით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია.
„მარტში თებერვალთან შედარებით გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 0%-თან ახლოს და 4%-6%-ის ზრდის ფარგლებში ფიქრობენ. თუმცა ამავდროულად, შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 0%-2%-ის ფარგლებსა და 6%-8%-ის ინტერვალში ელოდებიან“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
რაც შეეხება ხელფასების ზრდის მოლოდინს, გამოკითხულთა მოლოდინები მარტში, თებერვალთან შედარებით, მომატებულია. კერძოდ, გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 10%-20%-ის ფარგლებსა და 20%-30%-ის ინტერვალში ფიქრობენ. ხოლო, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ზრდას 0%-10%-ის ფარგლებში ელოდებიან შემცირებულია. ასევე, თებერვალთან შედარებით მარტში შემცირებული მაჩვენებელი ფიქსირდება კომპანიებში წარმოებისათვის საჭირო რესურსების ათვისების დონის მაჩვენებელში.
უახლესი