საკრუიზო გემით მოგზაურობაზე ზაფხულის მსგავსად შემოდგომაზეც მაღალი მოთხოვნაა. ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან კრუიზერი • Cruiser-ის თანადამფუძნებელმა ანა კირკიტაძემ განაცხადა. კირკიტაძის თქმით, კრუიზულ დასვენებაზე ზაფხულში მოთხოვნა თითქმის 100%-ით იყო გაზრდილი.
„ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მოთხოვნა იყო ხმელთაშუა ზღვის კრუიზებზე. გეტყვით, რომ მოთხოვნა იყო უფრო მაღალი, ვიდრე 2023 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, საუბარია თითქმის 100%-იან ზრდაზე. მოთხოვნის მნიშვნელოვან ზრდასთან ერთად, წლევანდელ წელს განსხვავება იყო ის, რომ კრუიზებზე ჯგუფური ჯავშნები წამოვიდა, რაც აქამდე არ ყოფილა. კომპანიები, რომლებიც დადიოდნენ ევროპის, ან ანტალიის მიმართულებით, საუბარი მაქვს 30-40 კაციან ჯგუფებზე ახლა უკვე წამოვიდნენ კრუიზებზე. როგორც წესი აქამდე ინდივიდუალური ჯავშნები შემოდიოდა“, - ამბობს Cruiser-ის თანადამფუძნებელი.
მისივე განმარტებით, წელს კრუიზული პაკეტების ფასები თითქმის შარშანდელის იდენტური იყო.
„რაც შეეხება ფასებს, კრუიზულ მოგზაურობაზეც და ავიაბილეთებზეც დაახლოებით გასული წლის იდენტური იყო. ანუ დიდი განსხვავება არ ყოფილა“, - ამბობს კირკიტაძე.
ზოგადად ხმელთაშუა ზღვის კრუიზები აქტიური ნოემბრის შუა რიცხვებამდეა, შესაბამისად ამ მიმართულების გაყიდვები ისევ აქტიურად მიმდინარეობს.
„განსაკუთრებით ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში, როდესაც გემი რელოკაციაც აკეთებს და ერთი ზღვიდან გადადის მეორე ზღვაში. ეს შეიძლება იყოს ცოტა ხანგრძლივი მარშრუტებიც და საკმაოდ დაბალ ფასად. აღნიშნულ კრუიზებზე არის დიდი მოთხოვნა. დეკემბერ-იანვრიდან კი უკვე არაბეთის ზღვის სეზონი იწყება. არაბეთის ზღვიდან გასვლა როგორც წესი აბუ დაბიდან ან დუბაიდანაა, საიდანაც მიდიან კატარში, ომანში და სხვა მიმართულებებით“, - აცხადებს Cruiser-ის თანადამფუძნებელი.
Cruiser-ში, რომელიც იტალიური ბრენდის Costa Cruises-ი პაკეტებს აქტიურად ყიდის, განმარტავენ, რომ Costa Cruises-ს პაკეტები საკმაოდ ადეკვატურ ფასში აქვთ და მარშრუტებიც ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო გააჩნიათ.
„ჩვენ ძირითადად ვყიდით Costa Cruises-ის კრუიზებს, გამომდინარე იქიდან, რომ ფასი ხარისხთან შედარებით ყველაზე ადეკვატურია. კრუიზებზე მნიშვნელობა აქვს ასაკობრივ კატეგორიას თუ რა ასაკობრივი კატეგორია ისვენებს. რაც უფრო პრემიუმ ტიპის ლაინერებია მით უფრო ასაკიანი ხალხი დადის როგორც წესი ასეთი ტიპის კრუიზებზე. Costa Cruises-ი და MSC Cruises პოზიციონირებენ როგორც საშუალო სეგმენტის და შესაბამისად ასაკობრივადაც საშუალო ასაკის ხალხზეა გათვლილი. ჩვენი ბზარიდან საშუალო ასაკის ადამიანებში Costa Cruises-ი განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს“, - აცხადებს ანა კირკიტაძე.
უახლესი
1 დღის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით