დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოსთან მიმართებაში რა თემებზე იმსჯელეს პოლონეთის 33-ე ეკონომიკურ ფორუმზე - ალექსანდრე ხვთისიაშვილის შეფასება

საქართველოსთან მიმართებაში რა თემებზე იმსჯელეს პოლონეთის 33-ე ეკონომიკურ ფორუმზე - ალექსანდრე ხვთისიაშვილის შეფასება

09-09-2024 14:00:00

პოლონეთში გამართული ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში  ბევრმა ექსპერტმა იკითხა, ამ რთულ პერიოდში თუ როგორ ახერხებს საქართველო წარმატებების მიღწევას, - ამის შესახებ „იმედის დილის“ რუბრიკაში Business Insider Georgia სტუმრობისას საქარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა, რომელიც აღნიშნულ ფორუმში თავადაც იღებდა მონაწილეობას.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოსთან მიმართებაში განხილულ თემებში იყო ასევე შუა დერეფანი და ბევრი ის წარმატება რაც საქართველოს დღეს აქვს. 

„ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის. ეს არის ფორუმი, სადაც შეიძლება ადამიანმა სრულყოფილად გაიგოს იმ მიმდინარე პროცესების შესახებ, რაც ევროპის ამ რეგიონში მიმდინარეობს, ასევე იმ პროექტების შესახებ რაც ასე მნიშვნელოვანია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, ასევე მეზობელი ქვეყნებისთვისაც.

საქართველოსთვის მთავარი თემა იყო გაფართოების ნაწილი, თუ როგორ აფასებენ ქვეყნების გაფართოების ნაწილს, არიან თუ არა მზარდ ევროკავშირის წევრი ქვეყნები იმისათვის, რომ უახლოეს ხანებში ევროკავშირი გაფართოვდეს. იყო ასევე საუბარი შუა დერეფანზე და იმ წარმატებებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ბევრმა ექსპერტმა იკითხა, თუ როგორ ახერხებს საქართველო ამ რთულ პერიოდში წარმატებების მიღწევას და რა თქმა უნდა საუბარი იყო ჩინეთთან თანამშრომლობის მიმართულებით. როგორც იცით არსებობს 14+1 ფორმატი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების და ჩინეთის თანამშრომლობის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც ხდება სტრატეგიული ინვესტიციები, სტრატეგიული ვაჭრობა. შესაბამისად ეს მიმართულება ძალიან აქტიურად იყო განხილული“, - აღნიშნა ხვთისიაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის რამდენიმე სახის თანამშრომლობის ფორმატი არსებობს. 

„არსებობს  14+1 ფორმატი, თუმცა არსებობს კიდევ სხვადასხვა ფორმატები, სადაც ევროკავშირი და ჩინეთი სტრატეგიულ თანამშრომლობას ავითარებენ. ეს არაა გასაკვირი. ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან ერთმანეთის და შესაბამისად ასეთი ფორმატები ხელს უწყობს მათ თანამშრომლობას.

რამდენიმე ქვეყანა ოფიციალური ვიზიტით იყო ჩასული ჩინეთში, რათა სტრატეგიული დიალოგი განეახლებინა და შესაბამისად იმ დეტალებზე ესაუბრა, საიდან გამომდინარეც ეს თანამშრომლობა უნდა გაღრმავდეს“, - აღნიშნა ხვთისიაშვილმა. 

მისივე თქმით, ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიებში გამოიკვეთა, რომ ევროპისთვის შუა დერეფანი არის უსაფრთხო და ეფექტური.

„საპანელო დისკუსიებშიც და საუბრებშიც ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოიკვეთა. თუ შევხედავთ დღევანდელ მდგომარეობას, ის ომი, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში და ასევე წითელ ზღვაში მიმდინარე პროცესები, შუა დერეფნის როლს კიდევ უფრო ამაღლებს. ამასთან მიმართებაში ყველას ჰქონდა აქცენტი, რომ თქვენი დერეფანი არის უსაფრთხო და ეფექტური. იყო საუბარი იმაზე, რომ რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა, რომ შესაძლებლობა ჰქონდეს ევროპულ ქვეყნებს აზიის მიმართულებით მაღალტექნოლოგიური ტვირთების გადაზიდვის და რა თქმა უნდა აზიის ქვეყნებიდან, ძირითადად ჩინეთიდან ის ტვირთები გადმოზიდონ, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე იყიდება“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა თქვა, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან ექსპერტები საქართველოში მშვიდობის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ.

„იყო ბევრი შეკითხვა თუ როგორ ახერხებს საქართველო ამ რთულ პერიოდში და გეოპოლიტიკურ ვითარებაში სტაბილურობის შენარჩუნებას, ეკონომიკური ზრდის და დამაკავშირებელი ფუნქციის ასე კარგად შესრულებას და რა თქმა უნდა ხაზგასმული ის, რომ იყო მნიშვნელოვანი. 

ეს ფორუმი იყო განსაკუთრებულად გამორჩეული. მე შემიძლია 2 ფაქტორი გამოვყო, რაზეც იყო საუბარი მუდმივად და ხაზგასმული რაც იყო - ევროკავშირი ჯერჯერობით არ არის მზად, რომ გაფართოვდეს და მიიღოს ახალი წევრები და მეორე ის, რომ აუცილებლად კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ ის პროცესი რაც ამ ქვეყნებში მიმდინარეობს, ანუ ევროპასთან ჰარმონიზაციის და დაახლოების პროცესი, რაზეც გაწერილი გეგმა არსებობს. რა თქმა უნდა ხაზგასმული იყო ის, რომ ეს არის აუცილებელი პირობა. არანაირი გამონაკლისი არ დაიშვება არც ერთი ქვეყნისთვის, თუ ვალდებულებები არ იქნება შესრულებული. ხაზგასმით იყო საუბარი, რომ დამატებითი ფაქტორები, როგორიც არის საომარი მოქმედებები ან სხვა გადაწყვეტილებაზე არ იმოქმედებს იქნება განხილული მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნების პროგრესი“, - განაცხადა ხვთისიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველო“ და „საქართველოს ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთის 33-ე ეკონომიკური ფორუმის მედია და ინსტიტუციური პარტნიორები იყვნენ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები