საქართველოს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მიწების მელიორაცია, სარწყავი და დამშრობი სისტემების მშენებლობა, ექსპლუატაცია და მართვა მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის განვითარებაში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში ინტენსიური და ეფექტიანი სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო პირობების შექმნა.
„აქტიურად მიმდინარეობს საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 422 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა.
გატარებული ღონისძიებების შედეგად, წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 45 000 ჰექტრიდან 165 000 ჰექტრამდე, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 14 000 ჰექტრიდან 43 000 ჰექტრამდე გაიზარდა. ყოველწლიურად, მნიშვნელოვნად იზრდება მომსახურების არეალი - წყალუზრუნველყოფილი სავარგულების რაოდენობა, რომელზეც შეზღუდული ან შეწყვეტილი იყო სასოფლო-სამეურნეო კულტივირების პროცესი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 61.5 მლნ ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტები მიმდინარეობს.
მშენებლობა-რეაბილიტაციის გეგმით, წლის განმავლობაში კიდევ 101 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები დაიწყება. პროექტების სრულად განხორციელების შედეგად, დამატებით 14 570 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება, 22 800 ჰექტარზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 905 ჰექტრით გაიზრდება.
უახლესი
38 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს57 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”