ბოლო პერიოდში უმუშევრობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული და მისი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი მაღალი ეკონომიკური ზრდაა, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა და წამყვანმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომელმაც ყველაზე სწრაფად განვითარებული პროფესიები და მსხვილი დამსაქმებელი მიმართულებები მიმოიხილა.
„საქართველო გასული დღეების განმავლობაში მსოფლიო ტურიზმის ცენტრი იყო, ვინაიდან ჩვენ ვმასპინძლობდით მსოფლიო ტურიზმის დღეს. საქართველოს სტუმრობდა 40-ზე მეტი ქვეყნის უმაღლესი რანგის წარმომადგენელი, 300-მდე დელეგატი და ყველა შეფასებით ეს იყო მაღალი დონის ღონისძიება, მაღალი დონის სტუმრებით, მაღალი დონის გამოსვლებით. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს პოტენციალს. ტურიზმის სექტორში დამატებითი ინვესტიციების მნიშვნელობას. გამოიკვეთა მთელი რიგი სივრცეები, სადაც ჩვენ გაქვს მეტი პოტენციალი განვითარებისთვის. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა მშვიდობის დევიზს, რაც მსოფლიო ტურიზმის დღის დევიზიც იყო. ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობამ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად შეძლო, რომ ღონისძიების მასპინძელი ყოფილიყო. აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა ზურაბ პოლოლიკაშვილმა, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. ასევე ძალიან საინტერესო იყო სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესი რანგის წარმომადგენლების, მინისტრების შეფასებები.
გადავიდეთ ჩვენს მთავარ თემაზე. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკურ ზრდაზე, უმუშევრობის მაჩვენებლებზე, ზოგადად იმ დარგებზე, რომელიც ყველაზე მეტად გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში. ამისათვის დავაკვირდეთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. აღვნიშნავ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ვემყარებით Galt & Taggart-ის მიერ წარმოდგენილ მონაცემებს. თუმცა რა თქმა უნდა ეს საქსტატის მიერ მოწოდებული მაჩვენებლებია, რომელსაც თავის მხრივ Galt & Taggart ემყარება. 2024 წლის 7 თვის მონაცემებით ეკონომიკურ ზრდა 9,7%-ია. ძალიან ბევრმა საფინანსო ინსტიტუტმა, საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებაში უკვე გადახედა საკუთარ პროგნოზებს. აზიის განვითარების ბანკმა 5-დან 7%-მდე გაზარდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 5,2%-დან 6,5%-მდე. დასაწყისში ადგილობრივ საფინანსო ინსტიტუტებს, საერთაშორისო ინსტიტუტებს და მათ შორის საქართველოს მთავრობას ეკონომიკური ზრდის კონსერვატიული მაჩვენებელი ჰქონდათ დაფიქსირებული და ახლა ყველას მოუწია აღნიშნული მაჩვენებლის გადახედვა. მათ შორის Galt & Taggart-ს, რომლის მაჩვენებელიც 8%-ზე ფიქსირდება. საქართველოს მთავრობა აპირებს, რომ კიდევ ერთხელ ანუ უკვე მეორედ გადახედოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი კერძო სექტორის და მთავრობის ინვესტიციებია. თუ ჩვენ დავაკვირდებით კერძო სექტორის ინვესტიციებს დავინახავთ ზრდის მაჩვენებლებს. ასევე მაღალ მაჩვენებელზე ფიქსირდება ინვესტიციები მთავრობის მხრიდან. მნიშვნელოვანი იქნება, რომ ინვესტიციების მაჩვენებელი 8%-ზე ზემოთ იქნეს შენარჩუნებული. ბოლო პერიოდში ყველაზე მეტად გაიზარდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი. შემდეგ კი მოდის ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ლოგისტიკურ როლზე ამ ნაწილს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. საფინანსო სექტორი ყოველთვის მაღალი ზრდით გამოირჩეოდა, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა განათლების სექტორის ნაწილსაც, სადაც 2021 წლის შემდგომ მნიშვნელოვან ზრდას ვხედავთ.
ბოლო პერიოდში უმუშევრობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული და ის 13,8%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც 2017 წელს ის 21,6%-ის დონეზე იყო, ხოლო 2021 წელს 20,6%-ზე. უმუშევრობის მაჩვენებლის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი არის მაღალი ეკონომიკური ზრდა.
თუ დავაკვირდებით დღეისათვის, რომელი სექტორებია ყველაზე მსხვილი დამსაქმებლები: მომსახურების სექტორი რჩება სტაბილურად მსხვილ დამსაქმებლად. მათ შორის 2023 წელს (71.2%) 2017 წელთან (65,6%) შედარებით“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
უახლესი
7 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა