ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით, საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის მხარდაჭერითა და სადაზღვევო სექტორის უშუალო ჩართულობით, საქართველოში უკვე მეორედ, დღეს დაზღვევის დღე აღინიშნება.
1997 წლის 2 მაისს, ხელი მოეწერა „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონს. სწორედ ეს დღე გახდა საიუბილეო თარიღი დაზღვევის დღის აღსანიშნავად.
წელს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. სპეციალური ღონისძიება დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა გახსნა.
„2 მაისი საქართველოს დაზღვევის დღეა. საკმაოდ დატვირთული კვირაა. 4 მაისს საერთაშორისო კონფერენციას ვმასპინძლობთ, რომელზე დასასწრებადაც უცხოელი ექსპერტები ჩამოდიან და სადაც ისინი ისაუბრებენ როგორც საქართველოს ასევე ევროპის სადაზღვევო ბაზრის ტენდენციებზე.
მიუხედავად კოვიდის 2-3 წლიანი პერიოდისა სადაზღვევო ბაზარი არ ჩამოვარდნილა. მცირედით იზრდებოდა, მაგრამ ამ პერიოდში რეალური დიდი ნაბიჯების გადადგმა შეუძლებელი იყო, როგორც დაზღვევის, ასევე სხვა სფეროში. ჩვენ უახლოეს პერიოდში ვაპირებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის ავტომობილის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევას“, - აღნიშნა ონოფრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც ღონისძიების დაწყებამდე სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ დაზღვევა საქართველოს მოსახლეობის კულტურის ნაწილი გახდეს.
„მთავარი გამოწვევა, რაზეც წლების განმავლობაში ვლაპარაკობთ, ეს არის პენეტრაცია. აბა კითხეთ საკუთარ თავს, რამდენ დაზღვევას მოიხმართ ოჯახში. ალბათ ჯანმრთელობას და თუ ავტომობილის დაზღვევასაც მოიხმართ ეს უკვე სერიოზული ამბავია. მთავარია, რომ ადამიანები მიეჩვიონ და დაზღვევიდან ნახონ სიკეთე. მიეჩვიონ იმას, რომ დაზღვევის გარეშე შესაძლოა დისკომფორტი ჰქონდეთ. ისევე როგორც ცხოვრობს წარმატებული მსოფლიო. ამას სჭირდება ადამიანების ჩართვა სადაზღვევო ურთიერთობებში: სხვადასხვა სახის სავალდებულოობა, კონტრაქტული და სხვა. სავალდებულო არ არის სავალდებულოობის კანონი იყოს. როდესაც თქვენ იპოთეკურ სესხს აფორმებთ, იქაც ხომ გთხოვენ. ასე ვითარდება დაზღვევის კულტურა ქვეყანაში“, - აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე, პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა, სსიპ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე, სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი და სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის დაზღვევის მედიაციის ხელმძღვანელი არჩილ ცერცვაძე.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება წიგნის პრეზენტაცია - „Commentary on Georgian Insurance Law” „ქართული სადაზღვევო სამართლის კომენტარი“.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
დაზღვევის კვირეულისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში, დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებები:
4-5 მაისს, საერთაშორისო სადაზღვევო მედია კომპანიის (XPRIMM) ორგანიზებით, საქართველოს საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია გაიმართება. მომზადდა დაზღვევის შესახებ გავრცელებული რამდენიმე მითი და რეალობა შემეცნებითი მიზნებისთვის;
სექტორის მიერ მომზადდა პოსტერები დაზღვევის თემაზე; სადაზღვევო კომპანია ალდაგის მიერ მომზადდა სადაზღვევო ტერმინების ცოდნის შემოწმებასთან დაკავშირებით შემეცნებითი ტესტი;
მომზადდა ბროშურა - დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების თაობაზე, რომელიც მარტივად აღწერს უკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლომდე ვის შეიძლება მიმართოს მომხმარებელმა.
სადაზღვევო სფეროს უკეთ გასაცნობად, სადაზღვევო ასოციაციის მხარდაჭერით მომზადდა შემეცნებითი კროსვორდი.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა