საქართველოში ავტოსკოლების ლიცენზირება იგეგმება, რაც ამ მიმართულებით განათლების დონის ამაღლების წინაპირობა გახდება. რეფორმაზე მუშაობა წლებია მიმდინარეობს, თუმცა როგორც ირკვევა ფუნდამენტური კონსენსუსი საკითხზე უკვე არსებობს და ახლა რეფორმის ფორმებზე მიდის მსჯელობა.
საავტომობილო ფედერაციები საკუთარ ხედვებს დაგეგმილ რეფორმაზე, განათლების სამინისტროს წარუდგენენ.
სამთავრობო და საკანონმდებლო დონეზე კონსენსუსის მიღების შემდეგ კი რეფორმის ეს ეტაპი დღის შუქს იხილავს.
როგორც Business Insider Georgia-ს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე - პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ განუცხადა, ასოციაცია გერმანიასა და ავსტრიაში არსებულ გამოცდილებას ემხრობა და მიაჩნია, რომ სწორედ ამ ქვეყნებშია საკმაოდ დახვეწილი პროგრამები.
მევლუდ მელაძის თქმით, გერმანიასა და ავსტრიაში პრაქტიკული გამოცდა მინიმუმ 20 გაკვეთილს შეიცავს.
„ყველაზე უფრო კარგი მოდელი მოქმედებს გერმანიასა და ავსტრიაში. სწორედ ამ ქვეყნებშია საკმაოდ დახვეწილი სასწავლო პროგრამები, რომლის თანახმადაც მართვის მოწმობის აღების მსურველს, სულ მცირე 20 გაკვეთილი უნდა ჰქონდეს გავლილი.
ეს 20 გაკვეთილი მოიცავს მაგისტრალსაც, ღამესაც და ასე შემდეგ. პრაქტიკული მეცადინეობა ტარდება ყველა პირობებში.
მეცადინეობების გავლის შემდეგ, როდესაც ინსტრუქტორი ჩათვლის, რომ მოსწავლე მზადაა გამოცდაზე გავიდეს, მხოლოდ მაშინ ხდება დაშვება. ყველაფერი რეიტინგზე დგას. ავტოსკოლის ინსტრუქტორი დაინტერესებულია, რომ მოსწავლემ ცოდნა მიიღოს. როდესაც მოსწავლე გამოცდას ვერ აბარებს ეს უკვე მასწავლებელსაც ეხება. თუ 100 მოსწავლე გავიდა გამოცდაზე და უმეტესობამ ვერ ჩააბარა, მისი რეპუტაციაც ილახება და მასწავლებლის საქმიანობის გადახედვაც ხდება.
გერმანიასა და ავსტრიაში ცოდნის მაღალია სტანდარტია და ვფიქრობ, რომ ჩვენც ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ. რადგანაც საგზაო და ფატალური შემთხვევების ცუდი სტატისტიკა გაქვს. ვფიქრობ რომ გარდაუვლია ამაზე მუშაობა. წლების შემდეგ დავიწყებთ დადებით სტატისტიკაზე გადასვლას. ამას ადრეც ვამბობდით და თავაუღებლად ვმუშაობდით ამ პროექტზე“, - აცხადებს მევლუდ მელაძე.
მელაძე ავტოსკოლების ლიცენზირების რეფორმაზე დიდი ხანია საუბრობს, რადგანაც მიაჩნია, რომ ეს ცოდნის დონის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„ავტოსკოლების ლიცენზირება საჭიროა იმიტომ, რომ ავტომობილის მართვა ერთ-ერთი საშიში პროფესიაა და ნებისმიერი შეცდომა შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს, როგორც მძღოლისთვის და მგზავრებისთვის ასევე სხვა მოქალაქეებისთვის, რომლებიც შესაძლოა, საერთოდ არ იყვნენ ავტომობილში. ამიტომ საკმაოდ საფრთხის შემცვლელია სხვა პროფესიებისგან განსხვავებით.
ვფიქრობ და ზოგადად მთელი მსოფლიო ასე ფიქრობს და ასე მოწყობილი, რომ სწავლების პროცესი მოითხოვს ლიცენზირებას, იმ მინიმუმის ჩათვლით რა უნდა იცოდეს მძღოლმა და რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. ლიცენზირებას უნდა დაექვემდებარონ სკოლები და მასწავლებლები. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს მინიმუმ შესაბამისი პროგრამა გავლილი და უნდა ჰქონდეს დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ შემთხვევაში ეს უნდა იყოს განათლების სამინისტრო, რომელიც ამას დაადასტურებს და ექნება სპეციალიზებული პროგრამები“, - აცხადებს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.
მევლუდ მელაძის თქმით, ავტოსკოლებისთვის რთული სტანდარტი არ დაინერგება. „რაც ავტოსკოლებს მოეთხოვება, ესაა საგზაო ნიშნების მინიმალური პაკეტი, საკლასო ოთახი, მონიტორი რათა მოსწავლე ამეცადინოს. ასევე ავტოსკოლა ვალდებული უნდა იყოს, რომ ჰქონდეს რომელიმე ობიექტთან საიჯარო ხელშეკრულება ან საკუთარი მოედანი, რათა პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატაროს“, - აცხადებს მელაძე.
რეფორმის შედეგად, (რაც ავტოსკოლების ლიცენზირებასა და სპეციალური სასწავლო პროგრამების შემოღებას ითვალისწინებს), ცხადია გაიზრდება სწავლის საფასურიც.
„თუ 40 ლარიან სკოლაში მიხვედით, გახვედით გამოცდაზე და გაგიმართლათ მართვის მოწმობა აიღეთ, პასუხისმგებლობაც ძალიან დაბალი გაქვთ. როცა რაღაცაში ფინანსებს დებ ცდილობ, რომ ისწავლო კარგად და ზედმეტად გამოცდაზე გასვლა აღარ მოგიწიოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სერვისის გაძვირების მომხრე ვარ. უბრალოდ ამ გზით ცოდნის საფეხური იქნება გაცილებით მაღალი.
მოსწავლე, რომელიც დღეს მართვის მოწმობას იღებს, ის არც ერთ გზაჯვარედინზეა ნამყოფი და მით უმეტეს არც მაგისტრალზე. ჩვენთან მაგისტრალზე სასწავლო სვლა დღეს დაშვებული არ არის. არადა როცა გამოცდას აბარებ მაგისტრალიც გაქვს. მაგალითად რუსთავში მაგისტრალზეც გამოდიხარ. თუმცა სასწავლო სვლა მაგისტრალზე არ შეიძლება. ეს ნონსენსია. ასეთი ჩავარდნები არის და ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს“, - აცხადებს მელაძე.
უახლესი
7 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა