საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტში შუა აზიის ქვეყნები დაწინაურდნენ, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნიშა ჰოქნდა უკრაინას, მაგრამ სამწუხაროდ ეს ბაზარი დავკარგეთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ალექსი ნონიაძე.
2024 წლის იანვარ-ივლისში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 15%-იან კლებას აჩვენებს, ხოლო რეექსპორტი რეკორდულია და 7 თვეში საქართველოდან 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების 57 ათასი ავტომობილი გავიდა.
ალექსი ნონიაძე ამ დინამიკას, ბაზარზე არსებულ ვითარებას უკავშირებს:
„2024 წლის პირველ-მეორე კვარტალში, საქართველოს ბაზარზე იმპორტირებული ავტომობილების პროფიციტი იყო. ბევრად აჭარბებდა მიწოდება მოთხოვნას. დაგროვილი იყო ავტომობილების დიდი რაოდენობა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ 60 ათასზე მეტი ავტომობილი შემოვიდა ვიდრე მოთხოვნა იყო. ამიტომ 2024 წლის დასაწყისში მნიშვნელოვნად შემცირდა იმპორტი. მეორე კვარტალში ექსპორტსაც რიგი გამოწვევენი ჰქონდა და ყველაზე აქტიური პერიოდი უნდა დაწყებულიყო ზაფხულში, როცა უნდა მომხდარიყო ავტომობილების ბაზრიდან გასვლა. ნაწილობრივ მაღალი რეექსპორტი და შემცირებული იმპორტი ამითაა განპირობებული“ - ამბობს ნონიაძე.
რაც შეეხება რეექსპორტის ბაზრებს ამ მიმართულებით შუა აზიის ქვეყნები და ყირგიზეთი დაწინაურდა.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის შეფასებით, შუა აზიის ბაზარი ბოლო წლებში საქართველოდან რეექსპორტის კუთხით აქტიურია.
„ყირგიზეთსაც აქვს თავისი შიდა მოთხოვნა. არ გამოვრიცხავ, რომ ავტომობილები მესამე ქვეყანაშიც გადის. ვერ დავაკონკრეტებ უშუალოდ სად გადის, რადგან როდესაც საზღვარს ტოვებს და კონკრეტულ ქვეყანაში რეექსპორტი ფორმდება, შემდეგ უკვე იქიდან სად გადადის ავტომობილი, რთულია გააკონტროლო. არ არის გამორიცხული, რომ ავტომობილების ნაწილი ყაზახეთში ან რუსეთში ხვდება, თუმცა მას შემდეგ რაც ამ ქვეყანამ უტილიზაციის გადასახადი შემოიღო რუსეთში ავტომობილის შეყვანა აღარ არის მომგებიანი. რუსულ მხარეს ავტომობილების დეფიციტი რომ ჰქონდეს უტილიზაციის გადასახადს არ შემოიღებდა, ეს მიანიშნებს ფინანსურ დეფიციტზე. საგულისხმოა ისიც, რომ ყირგიზეთსა და ყაზახეთში განბაჟებული ავტომობილი, საბაჟო კავშირში მყოფ ქვეყნებში ექსპორტისას ხელმეორე განბაჟებას აღარ ექვემდებარება“, - ამბობს ნონიაძე.
2024 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 1,607,996.85 ათასი დოლარის ღირებულების 104,845.00 ერთეული ავტომობილის იმპორტი დაფიქსირდა. 2023 წლის იანვარ-ივლისში კი 123,410.00 ერთეულის, რომლის ღირებულებაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს აჭარბებს. 2023 წლის 7 თვეში ქვეყანაში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების ღირებულებამ 1,876,418.96 ათასი დოლარი შეადგინა.
როგორც ცნობილია ბოლო წლებში ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების სტატისტიკა მზარდია. თუმცა იმპორტის კუთხით რეკორდული წელი 2023 წელი იყო, როდესაც ქვეყანამ 3,323,596.01 ათასი დოლარის ღირებულების 219,638.00 ავტომობილი იყიდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის მსუბუქი ავტომობილების იმპორტის კუთხით ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა აშშ-ია.
უახლესი