დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არ ხორციელდება, სტატუს-კვო არ შეცვლილა - GCAA

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არ ხორციელდება, სტატუს-კვო არ შეცვლილა - GCAA

14-04-2023 18:07:36

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეგულარული საავიაციო მიმოსვლა არ ხორციელდება და აღნიშნული ვითარების სტატუს-კვო არ შეცვლილა, ამის შესახებ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA)  განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების განმარტებითვე, რუსულ მხარეს მათთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე არ მოუმართავს.

„შესაბამისად, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ქართული ავიაკომპანიის მიერ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულების თაობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. სავარაუდოდ, ქართული კომპანიის ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, - განმარტავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

საბოლოოდ კი ვნუკოვოს აეროპორტის ტაბლოზე თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისის გამოჩენა ტექნიკური ხარვეზით ახსნეს.

„ვნუკოვოს განრიგში ცვლილებები არ არის. ამ დროისთვის ტაბლოზე ტექნიკური ხარვეზი ფიქსირდება.  ყველა საჭირო ზომა მიიღება მის აღმოსაფხვრელად“, - განუცხადა RBC-ს მოსკოვის ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტის წარმომადგენელმა.

მანამდე ვნუკოვოს ვებგვერდზე, განრიგში გამოჩნდა პირდაპირი რეისი მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით, გრაფაში „პერიოდი“ აღნიშნული იყო 2023 წლის 18 აპრილი - 2023 წლის 28 ოქტომბერი.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთ-საქართველოს შორის, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ავიამიმოსვლა შეწყდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები