სექტემბერ-ოქტომბერში ლოპოტა სპა რეზორტის დატვირთულობა საკმაოდ მაღალია, საქართველოს გარდა ჩვენთვის დიდ ბაზარს წარმოადგენს ისრაელი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ლოპოტა სპა რეზორტის კომერციულმა დირექტორმა მაკა ღლიღვაშილმა განუცხადა.
„ვმასპინძლობთ როგორც ინდივიდუალურ ტურებს, ასევე ჯგუფურ ბიზნესს. კახეთი თავისი შემოდგომის სილამაზითა და მრავალფეროვნებით, რაც ასევე აქვს ლოპოტას, ღვინის თემატიკითა და რთველით, მიმზიდველია ტურისტებისთვის და შესაბამისად სეზონიც დატვირთული გვაქვს. ვმასპინძლობთ, როგორც შიდა ტურისტულ ნაკადებს, ასევე საერთაშორისო ტურისტებს. 22 სექტემბერს გვქონდა რთველის ფესტივალი, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და წელსაც კარგად ჩატარდა. გაიმართა ნიაზ დიასამიძის კონცერტი, რომელსაც ესწრებოდნენ ლოპოტა სპა რეზორტის ლოიალური სტუმრები “,- განაცხადა ლოპოტა სპა რეზორტის კომერციულმა დირექტორმა
რაც შეეხება ოქტომბერს, მაკა ღლიღვაშვილის ინფორმაციით, ლოპოტა სპა რეზორტის ტერიტორიაზე 10 ოქტომბერს დაიწყო ჩოგბურთის სამოყვარულო ტურნირი, ხოლო 19 ოქტომბერს აღნიშნავენ ჰელოუინის დღეს და ამ პერიოდში სასტუმრო სრულადაა დაჯავშნილი.
რაც შეეხება ტარიფებს, შემოდგომის სეზონზე ლოპოტა სპა რეზორტის ტარიფები სექტემბრის მეორე ნახევრიდან იცვლება.
„ჩვენთან ტარიფები მედიანურია და მოთხოვნის მიხედვით მერყეობს. სტუმრებისთვის გვაქვს სხვადასხვა შეთავაზებები. მაგალითად, ამ სეზონზე სტანდარტული კატეგორიის ნომერში ღამის გატარების ფასი 580 ლარია, ხოლო თუ სტუმარი ისარგებლებს ორღამიანი შეთავაზებით, საფასური 435 ლარია“, - განაცხადა მაკა ღლიღვაშვილმა.
უახლესი