დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში FMCG-ი სექტორის გამოწვევები განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში FMCG-ი სექტორის გამოწვევები განიხილეს

13-03-2024 11:45:00

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში FMCG-ი სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებმა სექტორისთვის მწვავე და პრობლემატური საკითხები განიხილეს.

 

შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო, გარკვეული პერიოდის წინ, საცალო ვაჭრობის სექტორის ამოღებას სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალიდან, რამაც, როგორც პრაქტიკა ადასტურებს, კიდევ უფრო გაამწვავა ამ სექტორში ადამიანური რესურსების დეფიციტის პრობლემა, რომელიც შეხვედრის მონაწილეების თქმით 20-30 %-ის ფარგლებშია. ასევე, განიხილეს ვაჭრობის სექტორში სხვადასხვა მაკონტროლებელი უწყებების მიერ დაკისრებული ჯარიმების წესი და მათი ოდენობა, რაც მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს ბიზნეს ოპერატორებს და ნეგატიურად აისახება პროდუქციის ღირებულებაზე.

 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო ობიექტებში განთავსებული პროდუქტის ქურდობისა და ობიექტებზე უკანონოდ შეღწევის შემთხვევათა სიმრავლეზე, რაც ჯამურად ათეულობით მილიონი ლარის ზარალს განაპირობებს და მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ამ სექტორში მოღვაწე კომპანიებისთვის. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი კრიმინალი, რაც უმეტეს შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე რჩება და რომელმაც, უკანასკნელ პერიოდში, ორგანიზებული დანაშაულის სახე მიიღო.

 

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს წევრი კომპანიების სამართლიანი და ობიექტური ინტერესების დაცვა და შესაბამის დონეზე ადვოკატირება. ის საკითხები, რაც FMCG-ი სექტორთან შეხვედრისას გამოიკვეთა საკმაოდ მწვავეა და ხელს უშლის კომპანიების ეფექტიან მართვას, რომ აღარაფერი ვთქვათ, იმ ზარალზე, რომელსაც ბიზნესი ყოველდღიურ რეჟიმში აწყდება. ვგეგმავთ, აქტიურ კომუნიკაციას ყველა შესაბამის უწყებასთან, რათა წარმოვადგინოთ ბიზნესისთვის მწვავე და პრობლემატური საკითხები. ვიმედოვნებთ, რომ დაგეგმილ შეხვედრებს პოზიტიური შედეგი მოჰყვება, რაც თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობასა და განვითარებაზე" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.  

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები