Business Insider Georgia-ს კომპანია Eximcrop-ის წარმომადგენელმა ვახტანგ გოგალაძემ განუცხადა, რომ საქართველოში, კენიური ავოკადოს კიდევ ერთი კონტეინერი აგვისტოს პირველ კვირაში შემოვა.
„უკვე გზაშია ერთი კონტეინერი (24 ტონა) ავოკადო, რომელიც კენიაში დაიტვირთა და მაერსკის ხაზით აგვისტოს 1 კვირაში შემოვა. პროდუქცია გორში, „ტირიფონის ხილის“ სასაწყობე მეურნეობაში ავოკადოს ჰაბში დასაწყობდება და რეალიზაცია ნიკორას ქსელში მოხდება“, - ამბობს ვახტანგ გოგოლაძე.
მისი თქმით, ესეც საპილოტე პროექტია, რომლის მასშტაბიც ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გაიზრდება, ხოლო საქართველოდან ავოკადოს რეექსპორტი უზბეკეთში 2024 წლის სეზონზე განხორციელდება.
Business Insider Georgia-თან კომპანია Eximcrop-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოში ავოკადოს ჰაბის შექმნის იდეა ამართლებს.
„რა თქმა უნდა ამართლებს. ავოკადოს ჰაბის საფუძველზე ტვირთების ზრდა ნელ-ნელა მოხდება. საქართველოს მიმზიდველი და ბიზნესისთვის სტრატეგიულად საინტერესო მდებარეობა აქვს და ასევე აქ ძალიან მარტივი ბიუროკრატიაა, რაც პოზიტიური მოლოდინების საფუძველს გვაძლევს“, - ამბობს ვახტანგ გოგოლაძე.
შეგახსენებთ, რომ გორში, კენიური ავოკადოს პირველი ლოგისტიკური ცენტრი მაისში გაიხსნა.
უახლესი