აჭარაში ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაშია. როგორც Business Insider Georgia-ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ განუცხადა,
აჭარა და დასავლეთ საქართველო ჯამში 50-55 ათას ტონა ციტრუსის მოსავალს ელოდება, საიდანაც 40 ათასი ტონა ექსპორტს დაექვემდებარება, ხოლო დანარჩენი ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე გაიყიდება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს ციტრუსზე მოთხოვნა 2022 წელთან შედარებით მზარდია. „
წელს მოსავალი უკეთესია რაოდენობრივად და ხარისხობრივადაც. სტანდარტულად, ციტრუსს ტრადიციული ბაზრებზე გავიტანთ. იმ პროცესების ფონზე რაც ახლა უკრაინაშია, რთულია ლოგისტიკურად ევროპისთვის დიდი რაოდენობით ციტრუსის მიწოდება განვიხილოთ. თუმცაღა ყაზახეთში, რუსეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ციტრუსის ექსპორტი აქტიურად დაიწყო“, - ამბობს ზაზა შავაძე.
მისივე თქმით, ამავდროულად სახელმწიფოს მხრიდან მოხდება არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირება.
„მიმდინარე წელს სუბსიდირება მოხდება 30 თეთრის ოდენობით. ყველა ფერმერი ვინც საწარმოში ციტრუსს მიიტანს, ერთ კილოგრამზე მიიღებს 30 თეთრს. საწარმო განუსაზღვრელი რაოდენობით ციტრუსს გადაამუშავებს. რაც მთავარია პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება“, - ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი.
ამასთან, აჭარაში შექმნილია ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც მხარს უჭერს როგორც სტანდარტული, ისე არასტანდარტული ციტრუსის მიღებისა და გადამუშავების პროცესს.
რაც შეეხება ფასებს, ამ დროისთვის რეგიონში ნარინჯისფერი რთვლის ფონზე 1 კილოგრამი ციტრუსის ფასი 80 თეთრიდან 1,20 ლარამდეა.
უახლესი
2 საათის წინ
რა სიახლეებს სთავაზობს „ფუსფუსი“ მომხმარებლებს