დღეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოვიყენებთ შუა დერეფნის უპირატესობას, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. რუბრიკის მთავარი თემა კი დღეს შუა დერეფანი და ამ დერეფანში საქართველოს როლი იყო.
„დღეს ვისაუბროთ შუა დერეფანზე და იმ სარგებელზე, რაც შესაძლოა ქვეყანას ჰქონდეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს მნიშვნელობას, როგორც შუა დერეფნის ქვეყნის. რაღა თქმა უნდა საუბარი იყო ენერგეტიკაზეც. ეს არის კავშირები, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას.
მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევის მიხედვით, 2030 წლისთვის შუა დერეფნის ნაწილში გასამმაგდება ტვირთბრუნვა. ტვირთების გასამმაგება ნიშნავს საქართველოსთვის მისაღებ მეტ სარგებელს, ვინაიდან გაიზრდება ვაჭრობა ჩინეთსა და ევროპას შორის, ასევე რეგიონის ქვეყნებს შორის. რაც მეტი დამატებითი ღირებულების შექმნას ნიშნავს. თუმცა ვიდრე საქართველოზე დეტალურად ვისაუბრებთ, კიდევ ერთხელ შევხედოთ ევროპისა და ჩინეთის ურთიერთობას და თუ რა როლი აქვს ჩინეთს მსოფლიო ვაჭრობის ნაწილში.
ევროსტატის მონაცემებით მსოფლიო ექსპორტში ჩინეთი პირველ ადგილზეა, ანუ მსოფლიოს ექსპორტის 17,6%-ი მოდის ჩინეთზე. დააკვირდით თუ რამხელა მაჩვენებელზეა საუბარია და პასუხი იმისა თუ რატომ გვჭირდება ჩინეთი, როდესაც ამ მიმართულებით კითხვა ისმის. იმპორტის ნაწილში ჩინეთის წილი შედარებით მცირეა და 12,7%-ს შეადგენს. ევროკავშირი იმპორტის 20,5%-ს ახდენს ჩინეთიდან, ანუ საერთო მოხმარების 20,5%-ს ევროპა იღებს ჩინეთიდან და ის ევროკავშირისთვის იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილზეა. როდესაც ჩინეთიდან იმპორტის განხორციელებაზე ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს ტვირთების გადაადგილებას, რომლის დიდი ნაწილიც საქართველოზე გადის.
მაისში ერევანში გამართულ EBRD-ის შეხვედრაზე, EBRD-მა და USAID-მა გააფორმეს მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს შუა დერეფნის ნაწილში მაქსიმალურ ჩართვას. შუა დერეფნით დაინტერესებულია პირდაპირ ევროკავშირი, ევროპული ინსტიტუტები და აშშ. ცხადია შუა დერეფანზე საუბრობს ყველა და ჩვენთვის მაქსიმალურად მნიშვნელოვანია, რომ მზად დავხვდეთ ტვირთების გაზრდილი მოცულობის გადაადგილებას.
თუ მანამდე საქართველო თავად ამტკიცებდა, რომ იყო შუა დერეფნის მნიშვნელოვანი მოთამაშე, დღეს ყველა ერთად აშშ, ევროკავშირი ერთხმად ამტკიცებს, რომ საქართველოს აქვს ეს როლი, გამომდინარე იქიდან, რომ მაინც იყო უნდობლობის ფაქტორები საქართველოზე გამავალ ტვირთებზე. აზიიდან ევროპის მიმართულებით ტვირთების ტრანსპორტირების სქემაში თუ ძირითადი ნაწილი მოდიოდა რუსულ ნაწილზე, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან გამომდინარე ეს რუსეთის ნაწილიც გამოირიცხა და საქართველო დარჩა მთავარ ალტერნატივად. კიდევ არის სამხრეთი მიმართულება, მაგრამ ის არის საზღვაო ნაწილი და ის დროის ფაქტორების გათვალისწინებით ფინანსურად მომგებიანი არ არის. სწორედ ამიტომ არის საქართველო მთავარი ალტერნატივა, რადგანაც გაცილებით მოკლე დროში არის შესაძლებელი ტვირთების გადაზიდვა ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით.
დღეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოვიყენებთ შუა დერეფნის უპირატესობას და ბრიტანეთში გამართული სამიტი ამის ხაზგასმაა, რომ საქართველოს როლი არის განუზომელი. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს შავი ზღვის კაბელთან დაკავშირებული საკითხი და ჩვენ სწორედ ამ კაბელით დავუკავშირდებით ევროკავშირის ნაწილს“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.
უახლესი
2 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა