20 - 21 დეკემბერს ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით (FIS) მოგულის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება. საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 19 ქვეყნის (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ავსტრია, ჩინეთი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, ჩეხეთი, ფინეთი, შვედეთი, საფრანგეთი, ავსტრალია, ირლანდია, იაპონია, ყაზახეთი, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა) 91 სპორტსმენი იასპარეზებს. ღონისძიება პირდაპირ ეთერში ევროსპორტზე გადაიცემა.
მოგულის დისციპლინა კოხტას მთაზე ჩატარდება, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან აღიარებულია მსოფლიოში ყველაზე გრძელ ტრასად აღნიშნული დისციპლინისთვის.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა" (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება. საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) მხრიდან წლევანდელი შეჯიბრის საორგანიზაციო პროცესებში მონაწილეობას მიიღებენ შეჯიბრის დირექტორი ანდრეა რინალდი და ტექნიკური დელეგატი იუსი-პეკა კინუნენი.
2025 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები გუდაურში გაგრძელდება (28 თებერვალი - 1 მარტი - სკი კროსი, 8 - 9 მარტი - სნოუბორდ კროსი).
აღსანიშნავია, რომ ბაკურიანში 2023 წელს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე ჩატარების შემდეგ, საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდი ფედერაციის (FIS) გადაწყვეტილებით საქართველოს კურორტები - გუდაური და ბაკურიანი მუდმივ კალენდარში მოხვდნენ, სადაც მსოფლიო თასის ეტაპები ყოველწლიურად გაიმართება. შედეგად, 2023-2024 წლის ზამთრის სეზონზე, მსოფლიო თასის ეტაპები მოგულში, სკი და სნოუბორდ კროსის დისციპლინებში გაიმართა. შეჯიბრებები საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) მხრიდან, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით უმაღლეს დონეზე შეფასდა. ღონისძიებები ევროსპორტსა და სხვა საერთაშორისო მედიაპლატფორმებზე გაშუქდა, რომელთაც, ჯამში 50 მილიონიანი აუდიტორია ჰყავდათ.
უახლესი
3 წუთის წინ
ქვეყანაში ჩინურ ავტომობილებზე მოთხოვნა იზრდება