დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სადაზღვევო ბროკერი GS-ი სტაბილურად იზრდება -  ჯემალ ინაიშვილი

სადაზღვევო ბროკერი GS-ი სტაბილურად იზრდება - ჯემალ ინაიშვილი

29-12-2023 14:49:00

სადაზღვევო ბროკერი GS-ი 12 წლის გახდა. კომპანიამ დაბადების დღე საკუთარ კლიენტებთან და პარტნიორებთან ერთად აღნიშნა და განვლილი წლები შეაჯამა.

როგორც Business Insider Georgia-სთან, სადაზღვევო ბროკერი GS-ის დამფუძნებელმა და პარტნიორმა ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა, კომპანიის წილი ბაზარზე მზარდია, რადგანაც ამ სერვისზე მოთხოვნა იზრდება.

„12-13 წლის წინ შეხვედრა მქონდა საბროკერო კომპანია Gras Savoye-ს მფლობელთან და პრეზიდენტთან პატრიკ ლუკასთან. იმ დროისათვის Gras Savoye იყო ევროპაში ყველაზე დიდი საბროკერო კომპანია. მან გამოთქვა სურვილი, რომ საქართველოში ჩემთან ერთად დაეარსებინა საბროკერო კომპანია.

ასე დაიწყო ჩემი საქმიანობა ამ მიმართულებით. ძალიან საინტერესო პერიოდი გავიარეთ, რადგანაც იმ დროისთვის სადაზღვევო საბროკერო კომპანიის ცნობადობა დაბალი იყო. ვინაიდან კომპანიები თვლიდნენ, რომ მათთვის უფრო უპრიანი იქნებოდა, რომ უშუალოდ სადაზღვევო კომპანიასთან ჰქონოდათ საქმე. საბროკერო საქმიანობის ისტორია გვიჩვენებს, რომ ეს არის აუცილებელი ინსტიტუტი მზღვეველსა და კლიენტს შორის და ის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

სადაზღვევო ბროკერ GS-მა მნიშვნელოვანი პერიოდი გაიარა და ჩვენ სტაბილურად ვიზრდებით. რა თქმა უნდა ამ მხრივ ცნობადობაც იზრდება, კლიენტები ხვდებიან რომ ბროკერის ჩართულობა აუცილებელია, ვინაიდან ბროკერი კლიენტის ინტერესების დამცველია“, - ამბობს ჯემალ ინაიშვილი.

მისივე თქმით, სადაზღვევო საბროკერო კომპანიების ოპერირების მიმართულებით კანონმდებლობა საკმაოდ დახვეწილია.

ჯემალ ინაიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ კომპანია აქტიურად მუშაობს ბიზნესებთან ცნობიერების გაზრდაზე და საკუთარი როლის წარმოჩენაზე, რათა უკეთ დაანახოს კომპანიებს სადაზღვევო საბროკერო მომსახურების საჭიროება.

შეგახსენებთ, რომ კომპანია 2011 წელს დაფუძნდა, როგორც ფრანგული სადაზღვევო ბროკერის, Gras Savoye-ს, წარმომადგენლობა საქართველოში.

2017 წელს Gras Savoye მსოფლიოს სიდიდით მესამე ბროკერმა, Willis Towers Watson-მა შეიძინა. შესაბამისად, დღეს სადაზღვევო ბროკერი GS არის WTW-ის წარმომადგენლობა საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია, დაეხმაროს კლიენტებს მათ წინაშე არსებული რისკების ეფექტურ მართვაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

6 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები