ლოკოკინების ფერმის მფლობელი და მწარმოებელი „ნადი ჯგუფი“ პროდუქციის ექსპორტზე გასატანად მოლაპარაკებებს აწარმოებს და იმედი აქვს, რომ პირველ გადაზიდვას 2024 წლის დადგომამდე მოასწრებს.
როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განაცხადა, ლოკოკინას ექსპორტზე მოლაპარაკებები საფრანგეთსა და ესპანეთში პოტენციურ დისტრიბუტორებთან მიმდინარეობს.
„მოლაპარაკებების სტადიაზე ვართ და სავარაუდოდ საახალწლოდ გავიტანთ ექსპორტზე“, - აღნიშნა „ნადი ჯგუფის“ დამფუძნებელმა.
ნადარაია ამბობს, რომ „ნადი ჯგუფი“ პროდუქციის გარკვეულ ნაწილს შიდა ბაზარზე ყიდის, ხოლო დანარჩენს კი საექსპორტოდ ამზადებს და სამაცივრეში ასაწყობებს
„ახლა რასაც ვაწარმოებთ მაცივარშია დასაწყობებული. თუმცა ლოკოკინას ფილეს ვყიდით შიდა ბაზარზეც, არის გარკვეული რესტორნებიდან მოთხოვნა თბილისსა და ბათუმში“, - ამბობს მერაბ ნადარაია.
მისი თქმით, ამ დროისათვის სამაცივრე მეურნეობაში 50 ტონა პროდუქცია აქვთ დასაწყობებული.
„პარალელურად მუშაობა მიდის გაფართოებაზეც. ჩვენ ფერმა გაშენებული გვქონდა 6 ჰა-ზე და ახლა უკვე გაქვს 15 ჰა. მომავალი სეზონიდან ამ საქმიანობით უკვე 15 ჰა ფართობი იქნება დაკავებული“, - ამბობს ნადარაია.
მისივე თქმით, 15 ჰა ლოკოკინას ფერმიდან 150 ტონამდე პროდუქციის მიღებაა შესაძლებელი.
ირკვევა, რომ საექსპორტო ბაზრებზე მოთხოვნაა როგორც ლოკოკინას ფილეზე ისე ცოცხალ ლოკოკინაზე. უფრო კონკრეტულად ზოგიერთი სარესტორნო ქსელი უპირატესობას ცოცხალ ლოკოკინას ანიჭებს, ხოლო სუპერმარკეტების მხრიდან კი მოთხოვნა ლოკოკინას ფილესა და გამზადებული ნახევარფაბრიკატებზეა.
ადგილობრივ ბაზარზე 1 კგ ლოკოკინის ფილეს ფასი 15 ევროა.
შპს „ნადი ჯგუფი“ 2018 წელს, იტალიური კომპანია ჩერასკოს მოლუსკების საერთაშორისო ინსტიტუტთან თანამშრომლობით, დაფუძნდა.
უახლესი