რუსეთში იმდენად გაიაფდა წიწიბურა, რომ საქართველოში იმპორტიორები ზარალზე ვართ და პროდუქტს თვითღირებულებაზე დაბალ ფასში ვყიდით, ამბობს Business Insider Georgia-თან ნდმეწარმე თენგიზ ფაცაცია, რომელიც საქართველოში წიწიბურის იმპორტიორთა ხუთეულშია.
„წიწიბურის ტრანსპორტირებას 30 დღე სჭირდება. დროის ამ მონაკვეთში ფასი იცვლება და შესაბამისად ადგილზეც უნდა გავაიაფოთ, ამიტომ ფინანსურად ვზარალდებით“, - ამბობს ფაცაცია.
მისი ინფორმაციით, 23 მარტის მონაცემებით საბითუმო ბაზარზე 25 კილოგრამიანი ტომარა 53 ლარი ღირს და შესაბამისად 1 კილოგრამი წიწიბურის ფასი 2,12-2,15 ლარია.
„ტენდენცია კლებისკენაა, თუმცა პროდუქტი რითეილის სექტორს შესაბამისად არ გაუიაფებია“, - ამბობს ფაცაცია.
სავაჭრო ქსელებში 1 კილოგრამი სხვადასხვა ბრენდის წიწიბურის ფასი 3,30 ლარიდან 4,50 ლარამდე იცვლება.
რუსეთში მწარმოებლის ფასები წიწიბურაზე ბოლო 11 თვის განმავლობაში სტაბილურად ეცემა. 2022 წლის მარტიდან ფასი ტონაზე - 49,8 ათასიდან 22,1 ათას რუბლამდე განახევრდა.
რუსეთის ბაზარზე 2023 წლის იანვრის ბოლოსათვის წიწიბურა 2022 წლის იანვართან შედარებით 23,2%-ით გაიაფდა. ამასთან რუსეთში, წარმოება 2023 წლის იანვარში 2022 წლის იანვართან შედარებით 6,8%-ით გაიზარდა. წიწიბურაზე მწარმოებლის ფასები გასული წლის მარტიდან 1 ტონა მარცვლეულზე თითქმის 1,7-ჯერ 77,7 ათასიდან 45,9 ათას რუბლამდე დაეცა.
2023 წლის იანვარში მწარმოებლების წიწიბურა თითქმის 35%-ით იაფი ღირდა, ვიდრე 2022 წლის იანვარში.
სტატისტიკური მაჩვენებლებით საქართველოში წიწიბურას იმპორტი 44%-ითაა გაზრდილი.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანამ 1,209.67 ტონა წიწიბურა იყიდა, რაშიც 878.83 ათასი დოლარი გადაიხადა. რაც შეეხება 2022 წლის ორი თვის სტატისტიკას, იმპორტმა 839.04 ტონა შეადგინა.
2023 წლის ორ თვეში ქვეყანაში იმპორტირებული წიწიბურის თითქმის 100% რუსეთიდან შემოვიდა - 1,209.37 ტონა, ხოლო დარჩენილი 0.30 ტონა პოლონეთიდან. 2022- 2021 წლების მაჩვენებლებთან შედარებით იმპორტის ზრდა 30.5%-ია.
2022 წელს საქართველომ 6,403.33 ტონა წიწიბურას იმპორტი განახორციელა, რაშიც 6,626.82 ათასი დოლარი გადაიხადა. 2022 წელსაც ქვეყანაში იმპორტირებული წიწიბურას 96%-ი რუსეთიდან შემოვიდა, ხოლო დარჩენილი 4%-ი კი ყაზახეთზე, არგენტინაზე, პოლონეთზე, გერმანიაზე, საფრანგეთზე, იტალიასა და აზერბაიჯანზე გადანაწილდა.
ბოლო 14 წლის სტატისტიკით წიწიბურას იმპორტის კუთხით რეკორდული 2017 წელი იყო, რა დროსაც ქვეყანამ 7,474.79 ტონა წიწიბურა შემოიტანა. თუმცა მაშინ წიწიბურას მთავარი იმპორტიორი ჩინეთი იყო.
უახლესი
50 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა