ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დრო გაჩერებული, სტადიონსა და ეკრანებთან შეკრებილი მაყურებელი კი - სუნთქვაშეკრული იყო. თერთმეტმეტრიანი სერიის გადამწყვეტ დარტყმას ნიკა კვეკვესკირი ასრულებდა. ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი მის კარიერაში პირველად დადგა და გამოცდილმა ფეხბურთელმა მთავარი დარტყმის შესრულება საკუთარ თავზე აიღო. მოკლე გამორბენა და კულმინაცია: ბურთმა ბადე შეარხია, კარისგან ზურგით მდგომები კი სტადიონის რეაქციით მიხვდნენ, რომ სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე გავედით! მოდით, იმ დაუვიწყარ წუთებს დავუბრუნდეთ და დროში ერთად ვიმოგზაუროთ.
გავიხსენოთ 2024 წლის 26 მარტი და გავიაზროთ, რომ წლების შემდეგ, ამ ამბავს ისეთივე აღტაცებით გავუზიარებთ მომავალ თაობებს, როგორც 1981 წლის 13 მაისის ღამის ისტორიებს ჰყვებოდნენ უფროსები. თანაც, ახლა ხომ იმ შინაგანი რწმენითა და თავდაჯერებით ვართ სავსეები, რომ ეს მხოლოდ ზღაპრის დასაწყისია - დიდი თავგადასავალი, ჯერ კიდევ, წინ გველოდება.
გვჯეროდა, რომ შეგვეძლო და იმ დიდებულ წამს ველოდებოდით, როდესაც საერთო სიხარულით გაერთიანებული ერი ქუჩებს გაავსებდა, უცხო ადამიანები ერთმანეთს მეგობრებივით გადაეხვეოდნენ, როდესაც დროშებს ავაფრიალებდით და ყველანი ისე ერთხმად ვიმღერებდით, როგორც ლადო ასათიანის ლექსშია: “რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს”. ბედნიერება კანში ვერ ეტეოდა - ხმამაღალ ყიჟინად, შეძახილებად, სიხარულის ცრემლებად იყო გადაქცეული.
ფეხბურთის მაგიის შესახებ, აქამდე მხოლოდ თუ გვსმენოდა. უფროსი თაობა ვახსენეთ და მათგან გადმოცემით ვიცოდით, რომ ფეხბურთს ადამიანების გაერთიანების უნიკალური ძალა აქვს და რომ მისგან მოგვრილი ბედნიერების ემოცია ელვის სისწრაფით გადამდებია. დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა, ცნობებს ამის შესახებ, ძველ ჩანაწერებსა და ვიდეოებში დაეძებდა. არსებობდა მხოლოდ ოცნება და მოლოდინი, რომ 80-იანი წლების მსგავს სიხარულს, აღტაცებასა და ეგზალტირებას საქართველო კვლავ განიცდიდა. ვიცოდით, რომ ეს დღე აუცილებლად დადგებოდა, მაგრამ ასეთი რამ წარმოგედგინათ?
რამდენი რამ იყო დაუვიწყარი: მთელი ნაკრებისა და ბუდუს ცეკვა, “ნურაფრის ნუ გეშინია”, გადავსებული მოედნები, ემოციების კორიანტელი… რამდენად ფასეული იყო ის მომენტი, როდესაც ჟორჟმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და მყისიერად, ქოჩორაშვილისგან დიდსულოვანი გამხნევება მიიღო: ჩვენ გავიზარდეთ, მარცხსა თუ დიდ გამარჯვებაში ვიყავით ისეთი ერთიანები, როგორც ნაკრების მთავარ სათქმელშია დაშიფრული (“მე ვარ საქართველო”). ჩვენ ყველა ვიყავით საქართველო: ფეხბურთელები, გულშემატკივრები, სამწვრთნელო შტაბი და სანაკრებო ფერხულში ჩართული თითოეული ადამიანი - საქართველოს სიყვარულს ყველანი თანაბრად ვგრძნობდით და ვინაწილებდით.
ემოციები წამით გვერდზე გადავდოთ და ძალიან მოკლედ გავიხსენოთ, როგორ შეიქმნა ეს დღე. ვლადიმირ ვაისის მიერ დაწყებული გუნდის შენება ვილი სანიოლმა გააგრძელა და მასში ცვლილებები მრავლად შეიტანა. პარალელურად, ჩაკვეტაძის, კვარაცხელიას, მამარდაშვილისა და ნაკრების ბირთვის სხვა შემადგენელი ფეხბურთელების გამოჩენამ მეტი ამბიცია გაგვიჩინა და ევროპის ჩემპიონატი მიზნად დავისახეთ. ჩვენ მივიღეთ გამოცდილი ფეხბურთელებისა და ნიჭიერი ახალგაზრდების სინთეზი, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ პლეი-ოფში, ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან, 210 წუთის განმავლობაში, გოლი არ გაგვეშვა და საუკეთესო ევროპული გუნდების კრებულში ჩვენი ადგილი გვეპოვა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, თუ რა გველოდებოდა გერმანიაში…
ასე, ჩვენს თვალწინ, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიბადა: დამოუკიდებელ საქართველოში ჩამოყალიბებული ნაკრები, რომელმაც როგორც შრომისა და თავდადების, ასევე დიდი წარმატების გემო იცის. გუნდი, რომელიც ახალი თაობისთვის შთაგონების წყაროა, მთელი ქვეყნისთვის კი - ყველაზე ბედნიერი და ერთიანი დღის შემოქმედი. გვახსოვდეს, რომ “ზღაპრის ბოლო კეთილია”, თუმცა ისიც არ გამოგვრჩეს, რომ საბერძნეთთან გამარჯვება ზღაპრის მხოლოდ ერთი, დაუვიწყარი თავი იყო: წინ ძალიან გრძელი და უფრო დიდი გამარჯვებებით სავსე გზა გველოდება.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია.
უახლესი
4 საათის წინ
როგორია 31 მარტის ამინდის პროგნოზი19 საათის წინ
სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა