საბანკო სექტორი კვლავინდებურად რჩება მდგრადი და სტაბილური განვითარების ფარგლებში, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა. მისი თქმით, 2024 წელს საქართველოს საბანკო სექტორმა საკმაოდ კარგი მაჩვენებლები აჩვენა.
„2024 წლის მაჩვენებლები საკმაოდ კარგი იყო. 20%-იანი ზრდის მაჩვენებელი იყო აქტივების კუთხით. ორნიშნა ზრდა არის, როგორც საკრედიტო პორტფელის კუთხით, ასევე სადეპოზიტო პორტფელში. მაგრამ აქვე უნდა ვახსენოთ ისიც, რომ სადეპოზიტო პორტფელი წლის მეორე ნახევარში უფრო ნაკლებად იზრდებოდა და მიმდინარე წლის განმავლობაშიც ნაკლები ზრდის მაჩვენებელი აქვს, რაც შეინიშნებოდა საპროცენტო განაკვეთების ზრდის ტენდენციით. ამას არ ვახსენებ შემთხვევით, რადგანაც როგორც იცით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2024 წლის დასაწყისში სებ-მა ერთიანად მკვეთრად შეამცირა და დღემდე 8%-ზე ინარჩუნებს.
ეს მოზომილი და რისკზე დაფუძნებული მიდგომა არის, მაგრამ უნდა ვახსენოთ, რომ ისევ მკაცრ ნიშნულზე რჩება და ეს შეფასებები იყო Fitch-განაც და S&P-განაც, რომ ეს მიმდინარეობა და ეს მიდგომა ამ ეტაპისთვის სწორია, რადგანაც რეგიონში არსებული რისკები, მიმდინარე რისკები, რაც ფინანსურ ბაზარს ახლავს უფრო მეტ სიფრთხილეს მოითხოვს.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს დამოკიდებულია ინფლაციის მაჩვენებელზე, როგორც იცით 2024 წლის განმავლობაში იყო მოლოდინი, რომ ინფლაციის მაჩვენებელი შესაძლოა მიზნობრივ მაჩვენებელზე ოდნავ მაღალიც კი ყოფილიყო, მაგრამ საკმაოდ დაბალი იყო და 1,9%-ზე შენარჩუნდა.
წლევანდელი წლის მაჩვენებლებშიც, სხვადასხვა ექსპერტი სხვადასხვა მოლოდინებს ამყარებს. შესაძლებელია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი იყოს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა ოდნავ მაღალიც იყოს. მიზნობრივ მაჩვენებელზე მკვეთრად არ ავცდებით“, - განაცხადა ძნელაძემ.
უახლესი
4 საათის წინ
როგორია 31 მარტის ამინდის პროგნოზი19 საათის წინ
სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა