დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საავტობუსო ზოლში სასკოლო ტრანსპორტიც შეძლებს მოძრაობას

საავტობუსო ზოლში სასკოლო ტრანსპორტიც შეძლებს მოძრაობას

22-11-2023 11:55:45

თბილისის საჯარო და კერძო სკოლების ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავს, საავტობუსო ზოლში გადაადგილებას შეძლებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

სასკოლო ტრანსპორტი საავტობუსო ზოლში გადაადგილებას გარკვეული პირობებით დაცვით შეძლებს.

„ვინაიდან ამ ქალაქში კერძო ავტომანქანების სიჭარბის გამო საცობების პრობლემა ჯერ კიდევ დაუძლეველია და ვითვალისწინებთ რა პიკის საათებში სკოლის მოსწავლეების სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების  საჭიროებებს, გადავწყვიტეთ, M2 და M3 კატეგორიის სასკოლო ტრანსპორტსაც მივცეთ  შესაძლებლობა, რომ გადაადგილდნენ საავტობუსო ზოლში, გარკვეული პირობებით. ეს ეხება საჯარო და კერძო სკოლებს. კერძოდ, გადაადგილების უფლება ექნება ტექნიკურად გამართულ სასკოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური ტექნიკური დათვალიერება და განთავსებული აქვს მერიასთან შეთანხმებული ვიზუალური ნიშანი, რომელიც ასახავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებას გადაჰყავს სკოლის მოსწავლეები. აღნიშნული ავტობუსი იმოძრავებს  მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ მარშრუტზე, მხოლოდ სამუშაო დღეების განსაზღვრულ მონაკვეთებში - 06:00-დან 09:00 საათამდე და 14:00 დან 18:00 საათამდე პერიოდში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, სასკოლო ტრანსპორტის საავტობუსო ზოლში დაშვების მიზნით, სკოლამ მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უნდა მიმართოს.

„საავტობუსო ზოლში მათ შეეძლებათ მხოლოდ ავტობუსის გაჩერებებზე შეჩერება არაუმეტეს 1 წუთისა, ისევე, როგორც  ეს განსაზღვრულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში. შაბათ-კვირას, ოფიციალურ უქმე დღეებში და სამუშაო დღეების სხვა დროის მონაკვეთებში ავტობუსის ზოლში მოძრაობის, ასევე დამტკიცებული მარშრუტის დარღვევით მოძრაობის შემთხვევაში სასკოლო ტრანსპორტი დაჯარიმდება. იმისათვის, რომ სასკოლო ავტობუსს ჰქონდეს ავტობუსის ზოლით სარგებლობის უფლება, სკოლამ მოძრაობის მარშრუტის შესათანხმებლად უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს და წარადგინოს კონკრეტული დოკუმენტაცია. მათ შორის ავტობუსების რაოდენობა შესაბამისი სახელმწიფო ნომრის და მარშრუტის მითითებით, ასევე კონკრეტული სკოლის ავტობუსების ვიზუალური მხარის ამსახველი მასალა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული რეგულაცია იმოქმედებს სატესტო რეჟიმში, 2024 წლის პირველი იანვრიდან პირველ ივლისამდე. დედაქალაქის მერმა ზოგადად სატრანსპორტო რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის პროცესი, რომელიც გეგმაზომიერად მიგვიყვანს მიზნამდე.

„სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც 2017 წელს დავიწყეთ, ბევრი მიმართულებისგან შედგება, თუმცა პრიორიტეტული მიმართულებებია ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილება და სწრაფი, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ნებისმიერი მოქალაქისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ქალაქის ერთიდან მეორე ადგილზე გადაადგილება უნდა იყოს სწრაფად შესაძლებელი. ამ კონცეფციის დანერგვისთვის არაერთი კვლევა ჩატარდა, მნიშვნელოვანი სატრანსპორტო სქემები შემუშავდა, განახლდა მუნიციპალური ავტობუსების პარკი, ძველი ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლებულია, თუმცა ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ველოდებით 18-მეტრიანი ავტობუსების შემოსვლას. დეკემბერში 50 ერთეული უკვე თბილისში იქნება. გარკვეული ნაწილი უკვე აქ არის და იანვრიდან უკვე მოემსახურება ჩვენი ქალაქის მოსახლეობას. გარდა ამისა, იცით, რომ მთლიანად შეცვლილია მიკროავტობუსები, ასევე, რამდენიმე დღის წინ ვთქვით, რომ ვაპირებთ 212 ვაგონის შესყიდვას, ქუჩები ეწყობა ახალი დიზაინით, დაიხაზა და კიდევ ემატება ავტობუსის ზოლები, ეწყობა ზებრა გადასასვლელები, ქვეითებზე მორგებული შუქნიშნები და ა.შ. ამავე რეფორმის ნაწილი იყო ტაქსების A და B კატეგორიებად რეგისტრაცია და კონკრეტულად 10 წლამდე ტაქსების ავტობუსის ზოლში დაშვების გადაწყვეტილება, რაც ერთგვარად ასტიმულირებს ტაქსის სერვისში ძველი ავტომანქანების ახლით ჩანაცვლებას, რაც თავის მხრივ კიდევ ერთი ძალისხმევაა ქალაქში ჰაერის ხარისხის მაჩვენებლის გაუმჯობესებისთვის და ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებისთვის ეს არის პროცესი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა და მისი ყოველი მომდევნო ეტაპი გეგმაზომიერად მიგვიყვანს დასახულ მიზნამდე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები