დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მენეჯერთა პროგრამის მიერ სერტიფიცირებული ექსპორტის მენეჯერთა რიცხვი უკვე 500-ს აჭარბებს - ნიკა მამუკელაშვილი

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მენეჯერთა პროგრამის მიერ სერტიფიცირებული ექსპორტის მენეჯერთა რიცხვი უკვე 500-ს აჭარბებს - ნიკა მამუკელაშვილი

03-07-2024 15:00:00

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მენეჯერთა პროგრამის მიერ სერტიფიცირებული ექსპორტის მენეჯერთა რიცხვი უკვე 500-ს აჭარბებს. როგორც Business Insider Georgia-სთან სააგენტოს ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკა მამუკელაშვილმა განაცხადა,  პროგრამა წლების განმავლობაში დაიხვეწა და სრულყოფილი სახე მიიღო, რომელიც დღეისათვის უკვე ყველა საჭირო მოდულს ფარავს. 

„ჩვენ აღნიშნულ პროგრამას 2015 წლიდან ვახორციელებთ. დღესდღეობით გვყავს 500-ზე მეტი გადამზადებული ექსპორტის მენეჯერი. რაც შეეხება საჭიროებას თვითონ ექსპორტის მენეჯერის პოზიცია ახლო წარსულში და რამდენიმე წლის წინ ქართულ კომპანიებში ძალიან იშვიათი იყო იმიტომ, რომ ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების რიცხვი იყო ძალიან მცირე. რაც უფრო გაიზარდა ექსპორტიორი კომპანიების რიცხვი და მათ შორის ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების რიცხვი, კომპანიაში ექსპორტის მენეჯერის ყოლა დღის წესრიგში დადგა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, სახელმწიფომ ავიღეთ ინიციატივა, რომ კერძო ბიზნესს შევთავაზეთ საგანმანათლებლო პროგრამა ექსპორტის საბაზისო საკითხებზე, რომელიც აბსოლუტურად ფარავს ყველა საკვანძო მოდულს, რომელიც დაკავშირებულია ექსპორტის ღონისძიებებთან.

დროთა განმავლობაში ამ სატრენინგო კურსმა თავისი ევოლუციური გზა გაიარა და დღეს ვფიქრობთ, რომ ვფარავთ ყველა საჭირო მოდულს, მათ შორის საქონლის წარმოშობას, ხარისხის ინფრასტრუქტურას, თავისუფალ ვაჭრობას, მათ შორის აქცენტირებულს ევროკავშირთან და აქცენტირებულს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, ასევე საექსპორტო ბრენდინგი, შეფუთვა, შტრიხკოდი და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია, გაყიდვები, მოლაპარაკებები, ფასწარმოქმნა და ყველა სხვა დანარჩენი რაც საჭიროა საექსპორტო ოპერაციებისთვის“, - აცხადებს ნიკა მამუკელაშვილი.

ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი დღეს მოიცავს ყველა იმ სექტორს, რომელიც ექსპორტზეა ორიენტირებული. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, კურსის სექტორული დაფარვა საკმაოდ დივერსიფიცირებულია. 

„ჩვენი სექტორული დაფარვა არის ძალიან მრავალფეროვანი და დივერსიფიცირებული. მაგალითად ეს შეიძლება იყოს საკვები და სასმელი პროდუქტების მიმართულება, ასევე საფეიქრო ინდუსტრია, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, მოდის ინდუსტრიას, ბავშვის ტანსაცმელს, ტყავს და ტყავის პროდუქტებს, აქსესუარებს და ასე შემდეგ. ასევეა სათამაშოები, სამშენებლო მასალები, შესაფუთი მასალები, ავეჯი, და ყველა სხვა დანარჩენი, რომელიც პრიორიტეტულია.

ვცდილობთ, რომ გეოგრაფიული არეალი გავზარდოთ და გავზარდეთ კიდეც. კურსები თბილისის გარდა უკვე განვახორციელეთ თელავში, ზუგდიდში, ქუთაისში და ბათუმში“, - აცხადებს ნიკა მამუკელაშვილი.

რაც შეეხება სასერტიფიკატო კურსის ტრენერებს, მათი შერჩევა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“-ს მხრიდან საკმაოდ დაკვირვებით ხდება, რადგანაც ადამიანს, რომელიც აღნიშნული კურსის სწავლებებში მიიღებს მონაწილეობას უნდა ჰქონდეს როგორც თეორიული ისე პრაქტიკული გამოცდილება და უნდა იყოს თავისის საქმის პროფესიონალი. 

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვარჩევთ ტრენერებს და ეს გულისხმობს, რომ თითოეულ მათგანს უნდა ჰქონდეს და აქვს, როგორც თეორიული ცოდნა და ინფორმაცია ექსპორტის საბაზისო საკითხებზე, ასევე პრაქტიკული გამოცდილება“, - აღნიშნავს  სააგენტოს ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის ხანგრძლივობა 1,5-თვიდან 2 თვემდეა. რაც შეეხება უახლოეს პერიოდი დაგეგმილ სწავლებებს, სასერტიფიკატო კურსი შემოდგომიდან თბილისში 25-მდე მსმენელს მიიღებს. 
 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები