დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელი პროდუქტები გაიაფდება სავაჭრო ქსელებში

რომელი პროდუქტები გაიაფდება სავაჭრო ქსელებში

25-02-2023 21:30:32

„რითეილ ბაზარზე მთავარი მოხმარების პროდუქტებზე ფასდაკლება ძირითადად ასაწონ პროდუქციას შეეხება. სავარაუდოდ, სექტორი თავის მოგებას არ დაარიცხავს ამ პროდუქტებს, დეტალები საბოლოოდ კონკურენციის სააგენტოსთან შეთანხმებით გადაწყდება“, -  ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „რითეილ ასოციაციის" აღმასრულებელმა თავმჯდომარემ სოფიო ქაშაკაშვილმა განაცხადა.

„ცვლილება სავარაუდოდ უფრო ასაწონ პროდუქციას შეეხება, ეს იქნება ბრინჯი, შაქარი, წიწიბურა, მაკარონი და სხვა მსგავსი პროდუქტი. უნდა ვიმსჯელოთ ცალმხრივად, რა დამატებითი შეღავათების გაკეთებას შევძლებთ.

მზაობა არის, როგორ გავაიაფოთ სასურსათო პროდუქცია უფრო მეტად. პროცენტულად რა მაჩვენებლით შევძლებთ ფასების კორექტირებას, ვერ დავაზუსტებ, სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. არც ჩვენ ვართ ბოლომდე ჩამოყალიბებული.

ცხადია, გააჩნია ბრენდებს, მომწოდებელსა და სხვა ფაქტორებს. წონის შემთხვევაში სავარაუდოდ სამომავლოდ არანაირი დამატებითი გადასახადი არ იმოქმედებს. შესაძლოა, ზოგიერთ პროდუქტს ფასნამატი სრულად მოეხსნას,

თუმცა ჯერ კიდევ ვარაუდია, დეტალები გამოიკვეთება სამუშაო ჯგუფის შეხვედრისას. ბუნებრივია, ასეთ უმოკლეს დროში გადაწყვეტილება ვერ მიიღება, მსჯელობა გაგრძელდება და ყველაფერი საბოლოდ  კონკურენციის სააგენტოს ჩართულობით გადაწყდება. დამატებითი საინფორმაციო რესურსი დაგვჭირდება, მაგრამ მზად ვართ, რომ ცვლილება მოვახდინოთ, რაც მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - ამბობს სოფიო ქაშაკაშვილი Business Insider Georgia-სთან.

შეგახსენებთ, რომ დღეს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების შემცირების საკითხის განხილვის მიზნით, კონკურენციის სააგენტოში შეხვედრა იმართება.

რითეილის ბაზარს საფასო პოლიტიკის შეცვლისკენ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოუწოდა. პრემიერის მოთხოვნაა, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები შემცირდეს.

კონკურენციის სააგენტო გამოყოფს კონკრეტული დასახელების 10-12 სოციალურ პროდუქტს, რომელზეც მოხდება სამუშაო ჯგუფის მიერ გარკვეული დამატებითი შეღავათების შემუშავება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები