საქართველოს ეროვნული ბანკმა (სებ) საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასისა და ქირის ინდექსები გამოაქვეყნა.
სებ-ის მონაცემებით, 2024 წლის ივლისისთვის, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირამ $278,7 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებით 5%-ით შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის ივლისში უძრავი ქონების ქირის ფასი $291,3 შეადგენდა,
სებ-ის მონაცემების თანახმად, 2024 წლის ივლისისთვის, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდმა ფასმა $209,9 შედგინა, როცა 2023 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი $194,2 შეადგენდა. გასაყიდი ფასი წლიურად თითქმის 9%-ით არის გაზრდილი.
შემცირდა კაპიტალიზაციის მაჩვენებელიც(საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო ქირის ფარდობა იმავე თვის საშუალო ფასთან) და ივლისისთვის 10,7% შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქირისა და ფასის თანაფარდობა 11,34% იყო.
საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასისა და ქირის ინდექსები ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რომელიც საცხოვრებელი უძრავი ქონების საბაზრო ფასების ცვლილებას ასახავს.
საქართველოს ეროვნული ბანკი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასისა და ქირის მონაცემებს, რეგულარული სიხშირით, 2006 წლიდან აგროვებს. მისი ისტორიული მწკრივის არსებობა შესაძლებლობას მისცემს ბაზრის მონაწილეებს, ანალიტიკოსებს, მკვლევარებს და სხვა დაინტერესებულ პირებს ფლობდნენ ოპერატიულ თემატურ ინფორმაციას. ამასთან, უძრავი ქონების ინდექსებთან ერთად, ეროვნული ბანკი კაპიტალიზაციის მაჩვენებელების გამოქვეყნებასაც იწყებს.
მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასებისა და ქირის ინდექსები ფარავს დედაქალაქის ორ უმსხვილეს ურბანულ სეგმენტს - საბურთალოსა და ვარკეთილს. ინდექსები სწორედ აღნიშნულ სეგმენტებში 1-ოთახიან და 3-ოთახიან ტიპურ ბინებზე შეთავაზების ფასების ღია წყაროებიდან რეგულარული ამოკრეფით, მათი გასაშუალოებითა და შედეგის საბაზისო პერიოდის მიმართ ათვლით მიიღება. კაპიტალიზაციის მაჩვენებელი კი გამოითვლება როგორც მოცემული თვის გაწლიურებული საშუალო ქირის ფარდობა იმავე თვის საშუალო ფასთან.
საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასისა და ქირის ინდექსები, კაპიტალიზაციის მაჩვენებელთან ერთად, ყოველთვიურად გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე, ინტერაქტიული სტატისტიკის რუბრიკაში.
უახლესი
2 საათის წინ
დღეს მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება