დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როდის დაბრუნდება „ქარუ“ აშშ-ს ბაზარზე

როდის დაბრუნდება „ქარუ“ აშშ-ს ბაზარზე

19-03-2024 15:00:00

ავტომობილების შეკეთების პლატფორმა „ქარუმ“ ამერიკის ბაზარზე განვითარება დააპაუზა და პროექტს მაშინ განაგრძობს, როდესაც თავისუფალი საინვესტიციო კაპიტალი ექნება.

როგორც Business Insider Georgia-სთან „ქარუს“ დამფუძნებელმა ნიკა აბაშიძემ განაცხადა, აშშ-ს ბაზარზე ბიზნესის განვითარებისთვის კომპანიას 10 მლნ დოლარის ინვესტიცია ესაჭიროება. 

„ამერიკის ბაზარზე შევედით, მაგრამ განვითარება საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. ინვესტიციის აწევა კი არ გვინდა. „პროფდეველ“ კომპანია ვართ და არ ვკვდებით ინვესტიციების გარეშე და არ გვინდა, რომ დამატებითი ხალხი ჩაერიოს კომპანიის მართვაში და ისე წაიყვანონ საქმე, როგორც ჩვენ ვთვლით და კომპანია არ განვითარდეს. ამიტომ ინვესტიციის აწევა არ გვინდა და ეს პროექტი შევაჩერეთ, ვიდრე იმდენი ფული არ გექნება, რომ თავად განვვითარდეთ“, - აღნიშნა ნიკა აბაშიძემ.

„ქარუს“ დამფუძნებლის თქმით, ბიზნესი და შესაბამისად კომპანიის შემოსავლები წლიდან წლამდე მზარდია.

„2023 წელს კომპანიას 70-100%-მდე ზრდა ჰქონდა“, - აღნიშნა ნიკა აბაშიძემ.

მისივე განმარტებით, მას შემდეგ რაც „ქარუ“ ბაზარზე გამოჩნდა ანალოგიური სერვისით სხვა კომპანიებიც გამოჩნდნენ ბაზარზე. 

„მას შემდეგ რაც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა 32 კომპანია გაიხსნა, თუმცა უმრავლესობა დაიკეტა და დღეს 1 დარჩა“, - აღნიშნა „ქარუს“ დამფუძნებელმა.'

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე კვალიფიციური კადრების დეფიციტია, კომპანია პროფესიონალი კადრებითაა დაკომპლექტებული.

„კვალიფიციური კადრების პოვნა ძნელია, მაგრამ მაინც ვახერხებთ“, - აცხადებს აბაშიძე.

რაც შეეხება ახალ გეგმებს, კომპანიის დამფუძნებელი სამომავლო მიზნებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ „წინასწარ გეგმებზე არასოდეს არ ვლაპარაკობ“.

„ქარუ“ ქართული პლატფორმაა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ მანქანის შეკეთების უსიამოვნო პროცესი ავტოასისტენტს გადააბარო და მანქანა შეკეთებული დაიბრუნო.

 „ქარუ“ 2018 წელს შეიქმნა და პირველი ქართული კომპანია გახდა, რომელმაც 2019 წელს სამსახურში ოფიციალურად ძაღლი დაასაქმა. ბიგლუ თანამშრომლების განწყობაზე ზრუნვის დეპარტამენტის უფროსია და ის ანაზღაურების სახით დღეში ორჯერ კვებასა და 1-საათიანი სეირნობას იღებს.

აღსანიშნავია, რომ „ქარუს“ დამფუძნებელმა, ნიკა აბაშიძემ 5-ჯერ უარის მიღების შემდეგ მაინც მოახერხა და GITA-ს თანადაფინანსების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა, რის შედეგადაც  საკუთარ კომპანიას 300,000 ლარის ინვესტიცია მოუტანა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები