რამდენჯერმე უკვე აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მოყოლებული - დღემდე, საქართველოს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე უწევს სიარული, რომ უცხოელ, თუ ადგილობრივ არაკეთილმოსურნეთა და რადიკალთა მხრიდან მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში, ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა შევინარჩუნოთ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, თბილისში სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მან აღნიშნა, ამ რთული გზის ბოლოს, როდესაც ქვეყანა თითქმის უკვე სამშვიდობოზეა, ბრძოლის მთავარი ხაზი არჩევნებზე გადის, რადგან საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება.
„დღეს, ამ რთული გზის ბოლოს, როდესაც ქვეყანა თითქმის გავიყვანეთ სამშვიდობოს, ბრძოლის მთავარი ხაზი 26 ოქტომბრის არჩევნებზე გადის. უფრო მარტივად რომ გითხრათ, 26 ოქტომბერს დღის წესრიგში არა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის, არამედ საქართველოს ყოფნა - არ ყოფნის საკითხი დგას. თუკი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, რაშიც არა მხოლოდ მე, არამედ მთელი საქართველო, მათ შორის ჩვენი ოპონენტებიც დარწმუნებულები არიან, არა მხოლოდ მშვიდობას შევინარჩუნებთ და ქვეყანას გადავარჩენთ, არამედ გავიმარჯვებთ, რადგან წინ განვითარების და აღმშენებლობის წლები და ევროკავშირში ინტეგრაცია გველის.“ - განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას.
უახლესი