ჩვენს მთავარ პრიორიტეტს რიკოთი წარმოადგენდა გამომდინარე იმ მასშტაბური სამუშაოდან, მნიშვნელობიდან და იმ რთული გარემო პირობებიდან რომლის ფარგლებშიც ხდებოდა დაპროექტება და შესაბამისად სამშენებლო სამუშაოების წარმოება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დღეს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„რიკოთი 4 მონაკვეთად არის დაყოფილი. შესაბამისად, 51 გვირაბი და 97 ხიდია აღნიშნულ 4 მონაკვეთზე. აქედან ყველაზე გრძელია არსებული პარალელური გვირაბი, რომლის გაჭრამდეც დაახლოებით 45 მეტრია დარჩენილი. აღნიშნული 20 მონაკვეთიდან, ჩვენ გავხსენით 27 კილომეტრიანი მონაკვეთი. ეს არის გზა ხევიდან შორაპნამდე, რომელიც 38 გვირაბისა და 67 ხიდისგან შედგება. მთლიანობაში ყველაზე გრძელი ხიდი სწორედ ამ მონაკვეთზეა, რომლის სიგრძეც 1 362 მეტრია და ამ მონაკვეთზე ყველაზე გრძელი გვირაბი 1 640 მეტრიანია. რეალურად ამ მონაკვეთზე გვირაბების სიგრძე 23 კილომეტრს შეადგენს, ორივე მხრიდან რომ შევაჯამოთ და 14 კილომეტრია ხიდების სიგრძე.
ეს მონაკვეთი რელიეფურად რთულია და ხელოვნური ნაგებობების შედეგად შესაძლებელი გახდა იმ სარგებლის მიღება, რასაც 8 კილომეტრით მანძილის დამოკლება და შესაბამისად იდეალურ პირობებში 45 წუთის ნაცვლად 20 წუთშია შესაძლებელი ამ მანძილის გავლა“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრის განცხადებით, როგორც ყველა სხვა პროექტში, რიკოთის მონაკვეთზეც სრულად არის დაცული და წარმოდგენილი საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სტანდარტი.
„ანუ საუბარია იმაზე, რომ გზაზე კომფორტულად და ამავდროულად უსაფრთხო სტანდარტის შესაბამისად არის გადაადგილება შესაძლებელი.
რიკოთის მშენებლობას საქართველოში, საგზაო სფეროში, ანალოგი არ აქვს, რაც იყო გამოწვევა, მაგრამ ჩვენ ამ გამოწვევის წარმატებულად დაძლევის მაგალითი ვიხილეთ. ეს არის გზის 27 კილომეტრიანი დასრულებული ნაწილი და მთლიანობაში სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ მონაკვეთზე.
51 გვირაბიდან 48 არის უკვე გაჭრილი და 83 ხიდი არის აშენებული 97-დან. ბუნებრივია დანარჩენი ხიდებსა და გვირაბებზე სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის დამუშავებაში მსოფლიოში ცნობილმა კომპანიებმა მიიღეს მონაწილეობა. რომელთა გეოგრაფია საკმაოდ ვრცელი არის. ეს არის აშშ-ის თურქული, იტალიური კომპანიები. ქართული კომპანიები, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ და ამ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, 140 სპეციალისტი იყო ჩართული ამ პროექტის დამუშავებაში“, - აღნიშნა ქარსელაძემ.
იგივე თემაზე:
პარლამენტში დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მოუსმენენ
უახლესი