„რეკორდული თანხას დავხარჯავთ ბიუჯეტიდან, დაახლოებით 19 მილიონ ლარამდე იქნება მიმართული იმისთვის, რომ ჩვენი ფერმერები და მეწარმეები წარმოდგენილი იყვნენ ყველა მნიშვნელოვან გამოფენასა და ღონისძიებაზე“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ფერმერების მხარდასაჭერად 15-მდე პროექტი ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.
„350 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი ფერმერების მხარდაჭერისთვის. ეს დაფინანსება მოიცავს როგორც გადამამუშავებელი საწარმოებისა და შემნახველი მეურნეობების შექმნას, ასევე საწარმოების გადაიარაღებას, ახალი ბაღების გაშენებას. 22 ათას ჰექტრამდე ახალი ბაღი სწორედ ჩვენი მხარდაჭერით არის გაშენებული, საიდანაც ყოველ წელს გაცილებით მეტ პროდუქციას მივიღებთ.
რაც შეეხება ექსპორტს, ყოველწლიურად მაქსიმალურად მზარდია. რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტის 2022 წელს და ყოველწლიურად ეს მაჩვენებელი 10-15%-ით მზარდია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვზრდით წარმოებასაც და ვაძლევთ ფერმერებს შესაძლებლობას, რომ ჰქონდეთ წვდომა ჩვენთვის პრიორიტეტულ ბაზრებზე.
ერთია, რომ ფერმერებს მხარს ვუჭერთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები დანერგონ, გადაიარაღება მოახდინონ, ტექნიკა შეიძინონ, ჰქონდეთ წვდომა იაფ სახსრებზე და მეორეა, რომ მათ მივცეთ საშუალება ევროპის, აშშ-ის, ჩინეთის, ჩვენთვის პრიორიტეტულ ბაზრებზე ჰქონდეთ წვდომა“, - განაცხადა შამუგიამ.
უახლესი