დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რძის დეფიციტის გამო ყველის წარმოებაში ხშირად, ფხვნილი ან შესქელებული რძე გამოიყენება -  ასოციაცია

რძის დეფიციტის გამო ყველის წარმოებაში ხშირად, ფხვნილი ან შესქელებული რძე გამოიყენება - ასოციაცია

27-04-2023 10:01:57

 

გაზაფხულიდან რძის წარმოებამ მოიმატა, მაგრამ ბაზარზე ამ პროდუქტის სიმცირე მაინც პრობლემად რჩება.

როგორც რძის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კონიაშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, ამ ეტაპზე ბაზარზე ნედლი რძე დიდი უპირატესობით დომინირებს და მისი წილი 90%-მდეა, შესაბამისად, დანარჩენი 10% ფხვნილით დამზადებულზე მოდის.

ამის მიუხედავად, ბაზარზე ნედლი რძის სიმცირეა, რის გამოც რძის პროდუქტების, განსაკუთრებით კი ყველის მწარმოებლებს, ალტერნატიული საშუალებების, განსაკუთრებით შესქელებული რძისა და რძის ფხვნილის გამოყენება უწევთ.

„რძის პროდუქტების ბაზარზე ვითარება ჯერჯერობით უცვლელია. მცირე შეღავათია ფასის კლება, რაც სეზონური ფაქტორია, პატარა და მცირე ფერმებმა მსხვილი დამკვეთებისთვის ფასები მცირედით შეამცირეს.

ზოგადად გაზაფხულზე რძის ფასი იკლებს, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში იზრდება. გაყიდვებში 90% ნედლ რძეს უჭირავს. თუმცა წარმოების დიდი სიმცირეა, ამ დანაკარგის შევსებას ყველის წარმოებაში შესქელებული რძით ან რძის ფხვნილით ცდილობენ", - ამბობს კახა კონიაშვილი.

მისი თქმით, ყველის წარმოებაში რძის ალტერნატიული პროდუქტების გამოყენება რეგლამენტით დაშვებულია, უბრალოდ, სწორი ეტიკეტირება უნდა ხდებოდეს, რომ მომხმარებელი სათანადოდ ინფორმირებული იყოს.

„ნედლი რძე საკმარისი რაოდენობით რომ იწარმოებოდეს, ყველის დასამზადებლად ფხვნილსა და შესქელებულ რძეს არც ერთი მეწარმე არ გამოიყენებდა. რადგან სხვა გამოსავალი არ არის, მწარმოებელი იძულებულია ეს პროდუქტები შემოიტანოს, რათა წარმოება არ გაუჩერდეს. ასეთ შემთხვევაში, მეწარმეს თავისუფლად შეუძლია, ორი ხაზი აწარმოოს - ნედლი რძისა და რძის შემცვლელი პროდუქციით ისე, რომ მომხმარებელი არ მოატყუოს.

ზაფხულიდან, როცა სეზონურობა გადაივლის და საკვების ბაზა გაიაფდება, ამას რძის გადამამუშავებელი ინდუსტრიაც ადეკვატურად უპასუხებს", - აცხადებს კონიაშვილი.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის ბოლოს საქართველოში 587.9 მლნ ლიტრი რძე აწარმოეს, ხოლო 2022 წელს ეს მაჩვენებელი 574.7 მლნ ლიტრი იყო. ოფიციალური სტატისტიკით, 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით რძე და ყველი წლიურ ჭრილში 17,5%-ით არის გაძვირებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები