„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში მაღაროელების საპროტესტო აქციისა და მათი მოთხოვნის შესახებ დღეს 15 საათზე პრესკონფერენციას გამართავს.
როგორც კომპანიაში Business Insider georgia-ს განუცახადეს, „ჯორჯიან მანგანეზმა“ მაღაროელების თითქმის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, კომპანიის ფინანსური რესურსიდან გამომდინარე კი ხელფასების მხოლოდ 5%-ით გაზრდის შესაძლებლობა აქვს.
„2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნება - 12 საათიანი სამუშაო გრაფიკით
პირველ ეტაპზე ხელფასი გაიზრდება 5%-ით. კომპანია ასევე მზადაა მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაზარდოს თანამშრომელთა ხელფასებიც.
მთავრობასთან მოლაპარაკებების შედეგად „ჯორჯიან მანგანეზს“ გადაუვადეს გადასახადები და გამოიძებნა რესურსი, რომ 5%-ით მოვუმატოთ ხელფასები. რეალურად 5 თვეა გაჩერებულები ვართ და ჭიათურაში მადნის მოპოვება არ ყოფილა და კომპანია დასაქმებულებს 60%-ს მაინც უხდიდა“, - აცხადებენ კომპანიაში.
კომპანია მზადაა, პარალელურად შეიქმნას ერთობლივი სამუშაო კომისია. კომისიაში ჩაერთვება ყველა მხარე - დასაქმებულები, დამსაქმებელი კომპანია, აუდიტორი, მედიატორი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში და პროფკავშირები.
კომისია შეისწავლის თანამშრომელთა მოთხოვნებს, მათ პრობლემებისა და წარმოშობის მიზეზებს, იმსჯელებს მდგომარეობის გამოსწორების გზებზე, ადგილზე გაეცნობა დასაქმებულთა შრომის პირობებსა და მათ შესაბამისობას დადგენილ ნორმებთან.
შეგახსენებთ, რომ დღეს მაღაროელების პროტესტის მე-15, ხოლო შიმშილობის მე-9 დღეა. მაღაროელების თავდაპირველი მოთხოვნები იყო:
1. 40%-იანი ხელფასის მატება (არ ეხება მენეჯმენტს)
2. 2023 წლის 01 თებერვლამდე არსებული გრაფიკის /გეგმის დაბრუნება (გარდა იმ გამონაკლისისა, რაც შეთანხმდა ვახტებზე დარჩეს 4 დღიანი გრაფიკი)
3. ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება)
4. დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება
5. მიეცესთ დასაქმებულებს შვებულებით სარგებლობის საშუალება
6. მიეცესთ დასაქმებულებს მუშაობის მალე დაწყების საშუალება
7. მოხდეს ტექნიკის განახლება/გაუმჯობესება/შეცვლა
8. მოხდეს ულუფის გაუმჯობესება (მაგ. მოხდეს კონსერვის ამოღება და მოხდეს მისი ჩანაცვლება)
9. დასაქმებულებს მიეცესთ სანატორიუმის გამოყენების საშუალება, როგორც ეს ხდებოდა პირველ თებერვლამდე.
10. ბიულეტენით სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდეს 100%-ით.
11. ანაზღაურდეს ამა წლის 7 ივნისიდან საწარმოში სამუშაო პროცესის აღდგენამდე გაცდენილი დღეები 100%-ით.
12. გაკონტროლდეს უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე
13. გაუქმდეს ყველა შ.პ.ს და მოხდეს მათი გაერთიანება კვლავ ერთ კომპანიად.
14. კომპანიის მიერ ღია კარიერული მოპოვების წესით ახალი ტერიტორიების ათვისებისას მოხდეს ამ საკითხის
შეთანხმება კონკრეტულ სოფლის მოსახლეობასთან, ადგილობრივების პოზიცია გათვალისწინებულ იქნას, როგორც ამას ადამიანების უფლებების საერთაშორისო ნორმები და საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს, კანონის სრული დაცვით მოხდეს მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვება, ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, შესაბამისად გაკონტროლდეს ჰაერის დაბინძურების ხარისხი, გეოლოგიური, ეკოლოგიური რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით და თუ ყველაფერი იქნება ნორმის ფარგლებში, შემდგომ მოხდეს ჰუმსოვანი ფენის მოხსნა-დასაწყობება, ბიოლოგიური რეკულტივაცია და იმ ხე-მცენარებიის დარგვა გახარება, რაც ადგილობრივი კულტურისთვის არის ავთენტური.
შეგახსენებთ, 13 ივნისიდან “ჯორჯიან მანგანეზთან” მოლაპარაკებების პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციაც ჩაერთო.
უახლესი
2 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება