დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ შემცირდა საქართველოში საჰაერო ტვირთნაკადი - SKYLOG-ის დამფუძნებლის შეფასება

რატომ შემცირდა საქართველოში საჰაერო ტვირთნაკადი - SKYLOG-ის დამფუძნებლის შეფასება

28-11-2023 14:00:49

ლოგისტიკური კომპანია SKYLOG საქართველოში საჰაერო ტვირთნაკადის კლებას ტრანზიტული ტვირთების შემცირებას უკავშირებს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ შექმნილი ვითარება უშუალოდ არა ტვირთების კლებას, არამედ ავიაკომპანიების მიერ ტრანზიტად სხვა ქვეყნების აეროპორტების გამოყენებას უკავშირდება. 

როგორც Business Insider Georgia-თან SKYLOG-ის დამფუძნებელმა გიორგი ზუმბაძემ განაცხადა, უშუალოდ მისი კომპანიის მაგალითზე ტვირთების კლება არ შეინიშნება.

„ვერ გეტყვით, რომ რაღაც განსაკუთრებული ზრდაა, მაგრამ თამამად გეტყოდით, რომ სტაბილურობაა“, - აღნიშნავს ზუმბაძე.  SKYLOG-ის დამფუძნებლის თქმით, უშუალოდ საქართველოში შემოსული საჰაერო ტვირთნაკადი შემცირებული არ არის.  „რამდენიმე ავიაკომპანიის ბოტი აღარ ჯდება საქართველოში, როდესაც ტვირთი აზიიდან ევროპაში მიაქვს და ევროპიდან ამ მიმართულებაზე უკან ბრუნდება.

საერთოდ საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვები ორ ნაწილად უნდა დავყოთ, ერთი რაც უშუალოდ საქართველოში მოდის და მეორე, რომელიც ტრანზიტით გადის. ანუ თვითმფრინავი ჩვენს აეროპორტში ჯდება და შემდეგ მიაქვს ტვირთი და განაგრძობს სვლას დანიშნულების ადგილისკენ.

აი მეორე ნაწილში გვაქვს შემცირება. იმიტომ კი არა, რომ ამ სატვირთო ავიაკომპანიებს ტვირთნაკადი შეუმცირდათ, არამედ გადამზიდავების თვითმფრინავები ტრანზიტისთვის საქართველოს აეროპორტს აღარ იყენებენ. სწორედ ამიტომ გაქვს საჰაერო ტვირთნაკადში შემცირება. თუმცა მთლიანობაში საქართველოში შემომავალი საჰაერო ტვირთნაკადი ამ სეზონზე ყოველთვის იზრდება, იმიტომ, რომ ახლა არის ვაჭრობის კუთხით ყველაზე დატვირთული სეზონი. 20 დეკემბრამდე ქვეყანაში საჰაერო ტვირთებზე მოთხოვნა ყოველთვის მაღალია. აღნიშნული ტვირთების უმეტესობა კი როგორც წესი ჩინეთიდან შემოდის“, - განმარტავს გიორგი ზუმბაძე.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 28.4 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 53.2 მლნ. ტონა-კილომეტრია. აღნიშნულ პერიოდში შემცირდა როგორც გადატანილი ტვირთის (83.9 პროცენტით), ასევე ტვირთბრუნვის (83.5 პროცენტით) მოცულობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

შეგახსენებთ, რომ სატვირთო გადამზიდავი კომპანია  SKYLOG-ი 2015 წელს დაფუძნდა. SKYLOG-ი ერთ-ერთი მძლავრი, წლიდან წლამდე  მზარდი კომპანიაა საქართველოს ბაზარზე,  მის ძირითად  საქმიანობას წარმოადგენს ტვირთების საჰაერო გადაზიდვები.

SKYLOG ახორციელებს მულტიმოდალურ გადაზიდვებს, საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდება ორი ან  მეტი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით, როგორც საჰაერო, საზღვაო, სარკინიგზო და  სახმელეთო ტრანსპორტის საშუალებით.

კომპანია SKYLOG საქართველოში ტვირთების ჩამოტანის პარალელურად ახორციელებს ტვირთების ტრანზიტს უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთში, ისრაელში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და ა.შ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

კომპანია SKYLOG არის პირველი კომპანია,  რომელმაც მსოფლიო პანდემიის პერიოდში ჩარტერული  რეისებით ტვირთები ჩამოიტანა საქართველოში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები