თითქმის ერთ თვიანი, სეზონური სარემონტო სამუშაოების შემდეგ, ბათუმის დელფინარიუმში შოუები განახლდა. აქტიურ ტურისტულ სეზონის დაწყებამდე დელფინარიუმში შოუ დღეში ერთხელ გაიმართება და ის 16:00 საათზე დაიწყება.
როგორც Business Insider Georgia-ს ბათუმის დელფინარიუმის PR-მენეჯერმა და შოუების წამყვანმა ბერდია კუტუბიძემ განუცხადა, ტურისტული სეზონის დაწყების პარალელურად დელფინარიუმში შოუების რაოდენობა გასული წლის მსგავსად გაიზრდება, დაემატება საღამოს შოუებიც, სავარაუდოდ 19:00 საათსა და 21:00 საათზე.
„აქტიური სეზონი ივნისიდან, უფრო კონკრეტულად ივნისის შუა რიცხვებიდან იწყება. თუმცა, დელფინარიუმში შოუ წლის სხვა პერიოდშიც ტარდება ხოლმე“, - აცხადებს დელფინარიუმის PR-მენეჯერი.
დელფინარიუმის შოუების დამსწრეთა რაოდენობა მზარდია.
ბერდია კუტუბიძის განმარტებით, პოსტ-პანდემიურ პერიოდს თუ არ ჩავთვლით, ვიზიტორთა რაოდენობა სტაბილურად მზარდი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დელფინარიუმი ერთ შოუზე სტუმრებს კონკრეტული რაოდენობით ვმასპინძლობთ.
შოუებში კი მონაწილეობას 6 დელფინი იღებს.
„ამჟამად შოუში 8 დელფინი (ნინი, მაია, ტოჩი, გურუ, ლოლა, ილია, ზორო, ფლიპერი) მონაწილეობს, შოუს აუზშივეა დელფინარიუმის ამჟამად ყველაზე პატარა ბინადარი ილია. შოუს ვარსკვლავთაგან 5 (ტოჩი, გური, დოდო, ლოლა და ილია) ბათუმის დელფინარიუმში არიან დაბადებულნი“, - აცხადებს ბერდია კუტუბიძე.
„ფასი დელფინარიუმში ყველასთვის ფიქსირებულია, 16:00 საათზე 20 ლარი, 19:00 საათსა და 21:00 საათზე 25 ლარი (6 წლამდე ასაკის პატარები უფასოა (თუკი არ საჭიროებს ცალკე დასაჯდომ ადგილს). ტარიფი ერთნაირია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის.
ერთადერთი შემთხვევა როცა ფასი განსხვავებულია, არის ფასდაკლების აქცია, რაც გულისხმობს, თითქმის სრული სასწავლო წლის განმავლობაში, საქართველოში აკრედიტებული (რეგისტრირებული) ყველა სასწავლო დაწესებულებისთვის, მხოლოდ წინასწარ გამოგზავნილი წერილობითი მომართვის საფუძველზე, მხოლოდ ჯგუფური ვიზიტის დროს განსაკუთრებულ საფასურს საგანმანათლებლო დაწესებულების წევრთათვის: ბაღის აღსაზრდელები, მოსწავლე-სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები. ჯგუფური ვიზიტისას, წინასწარ წერილობითი მომართვის საფუძველზე, მოქმედებს ფასდაკლება – ერთი პირი 5 ლარი. აქცია ძალაშია სრული სასწავლო წლის მიმდინარეობისას. წელს მაგალითად, 17 ივნისამდე გაგრძელდება“,- ამბობს დელფინარიუმის PR-მენეჯერი.
დელფინარიუმის დარბაზი გათვლილია 887 ადამიანზე.
დელფინარიუმი მსურველებს დელფინებთან ცურვის სერვისსაც სთავაზობს და ინტერაქტივის საშუალებასაც აძლევს.
უფრო კონკრეტულად, მსურველებს ცალკე აუზში დელფინებთან ცურვის, ანუ ჯგუფური ინტერაქტივის შესაძლებლობაც ეძლევათ. დელფინებთან ინტერაქტივის ხანგრძლივობა 15 წუთია.
ღირებულება: 5–დან 16 წლამდე – 150 ლარი, 16 და ზემოთ – 200 ლარი.
ბილეთების შესაძენად ან და დელფინარიუმის მუშაობის გრაფიკთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაცია იხილეთ დელფინარიუმის ვებგვერდზე - www.dolphinarium.ge
აღსანიშნავია, რომ ბათუმის დელფინარიუმი 20 წლიანი პაუზის შემდეგ 2011 წლის სიმბოლურად 6 მაისს გაიხსნა. პირველი დელფინარიუმი კი ზღვისპირა ქალაქში 1975 წელს ამოქმედდა. მაშინ იგი იყო პირველი სადემონსტრაციო დელფინარიუმი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მსოფლიოს უდიდეს დელფინარიუმებს განეკუთვნებოდა. დელფინარიუმის არსებობა, სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად, ქალაქს და მთლიანად რეგიონს ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს ხდიდა. დელფინების წარმოდგენას, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გარდა, ბათუმში ამისათვის სპეციალურად ჩამოსული მსურველებიც ესწრებოდნენ. სწორედ ამ ობიექტის უსაზღვრო პოპულარობამ განაპირობა დელფინის ქალაქის სიმბოლოდ დამკვიდრება. 90-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების გამო ობიექტმა ფუნქიონირება შეაჩერა.
20 წლიანი პაუზის შემდეგ ქალაქის მერიის ინიციატივითა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ძალისხმევით ბათუმში ამოქმედდა სრულიად ახალი დელფინარიუმი. იგი შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო – კვლევითი ცენტრის“ ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია. პროექტირება და მონტაჟი ეკუთვნის ცნობილ ამერიკულ ფირმებს: TJP Engineering–სა და RCK–ს. ობიექტი საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთან“ ერთად ასოციაცია „ატუ“–მ აღჭურვა. იგი თანამედროვე დიზაინის შენობაა, რომელიც ზღვის ცხოველების ხელოვნურ პირობებში შენახვის ყველა უახლეს მოთხოვნას ითვალისწინებს. ობიექტი შედგება ფეხფარფლიანთა და მცირე ვეშაპისნაირთა საცხოვრებელი ავზებისაგან (წყლის მთლიანი მოცულობა 3 724 000 ლ), კერძოდ, ორი სადემონსტრაციო (1 700 000 ლ და 400 000 ლ) და ორი დამხმარე (თითო 812 000 ლ), ასევე კარანტინის ავზები. სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემით (Live Support System) წყლის ეს მოცულობა ყოველ 2 საათში მთლიანი რეცირკულაციის შედეგად მექანიკურად იფილტრება, მისი გაუსნებოვნება ხდება ოზონირებით და ბრუნდება ავზებში. ამასთან მუდმივად კონტროლდება წყლის ტემპერატურა (min 14-15 C˚ max 27-28 C˚), მარილიანობა და PH-ი. პარალელურად მიმდინარეობს წყლის ქიმიური და ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიული მონიტორინგი. ბინადრები იმყოფებიან კვალიფიციური სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ (ყველა პრევენციული ზომების გათვალისწინებით).
დელფინარიუმის ამფითეატრი შედგება 4 სექტორისაგან და გათვლილია 887 მაყურებელზე. ინფრასტრუქტურაში შედის სპეციალური საჭიროების მქონე პირთა მომსახურება პანდუსითა და ლიფტებით.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი
5 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა