დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა შეზღუდვები დაუწესდებათ პარლამენტის თანამშრომლებს - შალვა პაპუაშვილის განმარტება

რა შეზღუდვები დაუწესდებათ პარლამენტის თანამშრომლებს - შალვა პაპუაშვილის განმარტება

05-10-2023 12:30:56

საქართველოს პარლამენტი აპარატის შინაგანაწესში ცვლილებებს განიხილავს, რომლის მიხედვითაც  მოსამსახურეს პარლამენტის წევრებისთვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრულ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე ეკრძალება.

როგორც დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, შეზღუდვა ჟურნალისტებზე არ ვრცელდება.  

„რაც შეეხება იმას რომ თითქოს ხდება ჟურნალისტებისთვის შეზღუდვის დაწესება, აპარატის თანამშრომლებთან და ასე შემდეგ, საქმე ეხება პარლამენტის შინაგანაწესს აპარატის თანამშრომლებისთვის.

სამწუხაროდ არის შემთხვევები, როცა ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს, მაგალითად „ლელო საქართველოსთვის“ ჰყავთ პარტიის წევრები გაფორმებული ფრაქციის აპარატში და ხელფასს იხდიან ფრაქციის აპარატიდან, რაც პრობლემა არ არის, რომ ფრაქციის აპარატში თანამშრომლები ჰყავდეთ. თუმცა ამ ადამიანებს იმდენად უნდათ პარლამენტის წევრობა, რომ არ იშლიან და პარლამენტის წევრებისთვის განკუთვნილ ბრიფინგის ადგილებში დგანან და აძლევენ კომენტარს ჟურნალისტებს.

რამდენჯერმე გავაფრთხილეთ ჩვენ,როგორც ფრაქციის თუ პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელობა და ისე თავად ეს პირები, საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დეპარტამენტმა, ისინი აგდებულად ეკიდებიან აპარატს. ეს წესი შემოდის.

სერგო ჩიხლაძესა და ბერდია სიჭინავას თუ უნდათ დეპუტატობა იყარონ კენჭი და ექნებათ ის შესაძლებლობა, რომ პარლამენტის სიმბოლიკასთან მისცენ კომენტარი. მანამდე არ არის პრობლემა ჰქონდეთ კომუნიკაცია, მაგრამ არა იმ ადგილებში, რომელიც გამოყოფილია საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის.

ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს პარლამენტს, ეს არ არის ის ადგილი, სადაც პირადი ეგოებისა და ტრიბუნასთან დგომის ჭიის გახარება უნდა მოახდინოს ამა თუ იმ პარტიის წევრმა.

ამიტომ ჟურნალისტებს არაფერი არ ეკრძალებათ. თუმცა აპარატის თანამშრომლებში იგულისხმებიან პოლიტიკოსები რომლებიც საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები არიან. ესეც ცალკე ანომალიაა, რომ პარლამენტის აპარატის თანამშრომლები პოლიტიკური ლიდერები არიან, მაგრამ ესეც მოცემულობაა. შეუძლიათ მისცენ კომენტარი სხვა სივრცეში და არა იქ სადაც ადგილი გამოყოფილია პარლამენტის წევრებისთვის. ეს იწვევს დაბნეულობას საზოგადოებაში, რადგან ხალხს ჰგონია, რომ ბერდია სიჭინავა და სერგო ჩიხლაძე არიან პარლამენტის წევრები. ამის შემდეგ ეცოდინებათ, რომ ეს არის შინაგანაწესით მოწესრიგებული და თუ არ დამორჩილებიან სხვა შემთხვევაში მათ წინააღმდეგ დისციპლინური ზომები იქნება გამოყენებული იქნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა. 

რა იცვლება პარლამენტის თანამშრომლებისთვის შინაგანაწესში: 

„საქართველოს პარლამენტის აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2008 წლის 18 სექტემბრის 126/3 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტის აპარატის შინაგანაწესის“ მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 პუნქტი

1. მოსამსახურეს ეკრძალება საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრულ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე“.

2. ბრძანება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადების დღიდან.

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საჯაროდ გამოცხადების დღიდან  1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები