რუსეთი მნიშვნელოვან ბერკეტებს ფლობს საქართველოზე ზეგავლენის მოსაპოვებლად, უპირველეს ყოვლისა, გამომდინარე იქიდან, რომ მას სამხედრო ძალით მიტაცებული აქვს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20% – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ამის შესახებ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ მომზადებულ „საქართველოში რუსული ბიზნეს მფლობელობის ფაქტორით გამოწვეული რისკების კვლევაშია“ აღნიშნული.
ირკვევა, რომ საქართველოში რუსული ბიზნეს მფლობელობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დეტალურად შეისწავლა ქართული ეკონომიკის რვა სექტორში დაგროვილი რუსული კაპიტალი. ეს სექტორებია: ელექტროენერგია, ნავთობი და ბუნებრივი აირი, კომუნიკაციები, საბანკო სექტორი, სამთო მოპოვება და მინერალური წყლები, მშენებლობა, ტურიზმი და ტრანსპორტი და სახმელეთო გადაზიდვები.
„აღნიშნულ მოკვლევაზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ყველაზე პრობლემურია ელექტროენერგიის სექტორში გამოვლენილი რუსული კავშირები. გარდა ამისა, საყურადღებოა ნავთობისა და ბუნებრივი აირის, კომუნიკაციების და სამთო მოპოვებისა და მინერალური წყლების სექტორებში არსებული რუსული კავშირების ხარისხი. IDFI-ს მოკვლევის მიხედვით, დანარჩენ შესწავლილ სექტორებში რუსული ბიზნეს კავშირების ხარისხი ან უმნიშვნელოა, ან არ არსებობს (IDFI, 2023).
ქართულ ბიზნესში რუსული კაპიტალის ამგვარი კონცენტრაცია რამდენიმე საფრთხესთანაა დაკავშირებული. ბიზნესში უცხოური კაპიტალის არსებობა, როგორც წესი, საფრთხეს არ აჩენს, თუ ბიზნესს მტრულად განწყობილი სახელმწიფოს წარმომადგენელი არ ფლობს. რუსეთი კი საქართველოს მიმართ ერთმნიშვნელოვნად მტრულად განწყობილი ქვეყანაა. ბიზნეს სუბიექტების ფლობა კრემლისთვის მავნე ზეგავლენის გავრცელების მძლავრი იარაღია. ამდენად, კრემლთან ასოცირებული სუბიექტების მხრიდან ბიზნესების ფლობა ზიანის მომტანია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის. კრემლთან დაკავშირებული კომპანიების ან ინდივიდების მხრიდან ბიზნესების ფლობის რისკების აღქმა არსებითად გაამწვავა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის წამოწყებამ. აღნიშნული სულისკვეთება, მაგალითად, აისახა ევროკომისიის მიერ ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების მიმართ გაცემულ ბოლოდროინდელ რეკომენდაციაში რუსული კაპიტალის რისკებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ქართულ ბიზნესში რუსული მფლობელობა პრობლემურია იმის გათვალისწინებით, რომ ის კონცენტრირებულია კრიტიკულად მნიშვნელოვან სექტორებსა და ინფრასტრუქტურაში. საქართველოში არ არსებობს კრიტიკული მნიშვნელობის სექტორებისა და ინფრასტრუქტურის საკანონმდებლო განმარტება, თუმცა, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით (მაგ., იხილეთ შესაბამისი განმარტებები ევროკავშირში, გერმანიაში, კანადასა და ავსტრალიაში), სულ მცირე, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების ინდუსტრიები აკმაყოფილებს კრიტიკული მნიშვნელობის სექტორების კრიტერიუმებს. ამგვარი ინდუსტრიები მთელი რიგი შიდა და გარე საფრთხეების რისკის წინაშე დგას.
ცნობილია, რომ კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების შეფერხებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯაჭვური რეაქცია და პირველადი სერვისების მიწოდების შეფერხება, რამაც, შესაძლოა, სერიოზული საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოს სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ უსაფრთხოებასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას“, - აღნიშნულია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის კვლევაში.
უახლესი
1 საათის წინ
კანადაში ექსპორტი 71%-ითაა გაზრდილი3 საათის წინ
რომელი ქვეყნებიდან ახდენს საქართველო ზეთის იმპორტს3 საათის წინ
ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა4 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა4 საათის წინ
ვაჭრობის ჩემპიონატი ბიტანიკაზე