დღეს, ბაზარზე მდგომარეობა არის სტაბილური და დიდ რყევებს არ ველოდებით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განაცხადა.
ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასები გაიზარდა. როგორც ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ ნედლეულის ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვაში წერია, 2024 წლის ოქტომბერში ხორბლის ფასი თვიურად 13.8%-ითაა გაზრდილი.
„საფრანგეთში ათწლეულის ყველაზე ცუდი მოსავალი დაფიქსირდა, სირთულეები კი მომავალ სეზონზეც შენარჩუნდება, რადგან ძლიერი წვიმების გამო ზამთრის თესვა გვიანდება. მეორე მხრივ, რუსეთში თესვის პროცესს ზედმეტად მშრალი ამინდები უშლის ხელს. შედეგად, ქვეყანაში 2025 წელს 80 მლნ ტონა ხორბლის მოსავალს ელიან (ზედიზედ მე-3 წლიური კლება), რაც გლობალურ მიწოდებაზე წნეხს კიდევ უფრო აძლიერებს“, - განმარტებულია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.
Business Insider Georgia კი ადგილობრივი ბაზრის ტენდენციებით დაინტერესდა. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორმა გამოცემას განუცხადა, რომ შემოტანილი ხორბლის ფასი დღეს ტონაზე 780 ლარამდეა, ხოლო 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი კი 52 ლარის ფარგლებშია.
„გლობალურ ბაზარზე ხორბლის ფასები თამაშობდა. დაფიქსირდა, როგორც აღმავალი, ისე დაღმავალი ტრენდი. რეალურად ჩვენ მაინც რეგიონულ ბაზარს ვაკვირდებით, ეს არის რუსეთი, ყაზახეთი და ევროკავშირი. ამ ბაზრებზე განსხვავებული პოზიციები იყო, იმიტომ, რომ ბოლო დროს ქვეყნდებოდა პირველ რიგში ჩიკაგოს ბირჟის მიმოხილვა, რაც ხანდახან აცდენილი იყო მთლიან საერთაშორისო და მით უმეტეს რეგიონული ბაზრის მაჩვენებლებს.
ბოლო პერიოდში იყო ინფორმაცია ხორბალზე ფასის კლებასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენს რეგიონსა და მეზობელ ქვეყნებში სულ სხვა პროცესი მიმდინარეობდა. რუსეთის ბაზარზე მცურავი ბაჟი ოქტომბრის განმავლობაში გაიზარდა 2-ჯერ, ანუ თითქმის 100%-ით. შესაბამისად, რუსეთმა გამოაცხადა, რომ შეზღუდავს ხორბლის ექსპორტს. მისი მექანიზმი ასეთია, რომ მოგებულ ტენდერებში რუსულ ხორბალს მიჰყიდის მხოლოდ ადგილობრივ კომპანიებს. ანუ ტენდერი შეიძლება მოიგოს სხვადასხვა ქვეყნების კომპანიებმა, მაგალითად ეგვიპტურმა კომპანიებმა, რომლებიც შემდგომ რუსეთში ყიდულობდნენ ხორბალს.
მაგრამ თვითონ რუსეთის მთავრობამ გაიზიარა რუსეთის ექსპორტიორთა მოწოდება და მხოლოდ რუსეთში დარეგისტრირებულ კომპანიებს შეეძლებათ რუსული ხორბლის გაყიდვა. რამაც ფასების ზრდა განაპირობა. თუმცა, დღეისათვის ფასების ზრდა შეჩერებულია.
თუ ადრე შემოტანილი 1 ტონა ხორბლის ფასი 720 ლარი იყო, ახლა არის 760-780 ლარი ტონაზე. ბაზარი სტაბილურობას მაინც ინარჩუნებს. ძველი მარაგებიდან გამომდინარე ფასი ფქვილზე დიდად არ შეცვლილა. 1 ტომარა ფქვილის ფასი დღეს 52 ლარის ფარგლებშია. მეორე მხრივ, ფასების აწევით, ფერმერებს მიეცათ საშუალება, რომ გარკვეულწილად პროდუქცია გაეძვირებინათ და მეტი სარგებელი ნახეს. დღეს ბაზარზე მდგომარეობა არის სტაბილური და დიდ რყევებს არ ველოდებით“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.
უახლესი
33 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს52 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”