წელს „ნარინჯისფერი რთველის“ ფარგლებში 40 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. როგორც
Business Insider Georgia-ს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროში გაუცხადეს, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ოქტომბრის ბოლოდან ამოქმედდება და 2025 წლის 1-ელ თებერვლამდე იფუნქციონირებს.
„ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელებისა და ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ოქტომბრის ბოლოს ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდება, შტაბი აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შეიქმნება, რომელიც მიზნად ისახავს ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობას, ასევე ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფას და ექსპორტზე რეალიზაციისათვის საჭირო ლოჯისტიკური ღონისძიებების გატარებას. შტაბი მუშაობას 1 თებერვლამდე გააგრძელებს. ასევე, ამოქმედდება ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება“, - აღნიშნავენ სამინისტროში.
უწყების ცნობით, საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს.
„მიმდინარე წელს საპროგნოზო მონაცემებით, 40 ათას ტონამდე ციტრუსია მოსალოდნელი. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს, რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს, ქობულეთის საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ქობულეთში ერთ-ერთი საწარმო გადაიარაღდა, რომელიც როგორც სტანდარტულს ასევე არასტანდარტულ მანდარინს მიიღებს. საწარმო სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით.
განხორციელდა უცხოური ინვესტიცია, რაც განსაკუთრებით მისასალმებელია სოფლის მეურნეობის გადამმუშავებელ სექტორში. რომელიც უზრუნველყოფს ფერმერებისგან ციტრუსის მიღებას და გადამუშავებას, შემდგომ დაამზადებს კონცენტრირებულ წვენს, რომლის ექსპორტი განხორციელდება“, - უთხრეს Business Insider Georgia-ს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროში.
ასევე ახალი საწარმო სარეალიზაციოდ მოამზადებს მანდარინს და პლასტმასის ყუთებს ხილის ტრანსპორტირებისთვის. კომპანიას ასევე აქვს სამაცივრო მეურნეობა 3000 ტონამდე ცოცხალი ხილის და ბოსტნეულის შესანახად. კომპანია მზადაა, უკვე მიმდინარე წელს ადგილობრივი ფერმერებისგან შეისყიდოს მანდარინი და გადაამუშაოს. ქობულეთის საწარმოში ქართულ-სლოვაკური ინვესტიცია კომპანიამ „შპს იბერია ორბი“ განახორციელა. ამ ეტაპისთვის, 3,5 მლნ ევროზე მეტი დაიხარჯა, თუმცა კომპანია დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას და ასორტიმენტის გაზრდას გეგმავს.
უახლესი