დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გამოწვევების წინაშეა ჯანდაცვის სექტორი და როგორია კერძო სექტორის ჩართულობა | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

რა გამოწვევების წინაშეა ჯანდაცვის სექტორი და როგორია კერძო სექტორის ჩართულობა | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

10-06-2024 10:10:00

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილის შემცირების არსებული ტენდენცია გვაჩვენებს, რომ სწორი პოლიტიკა ხორციელდება არამხოლოდ ჯანდაცვის, ასევე სოციალური მიმართულებით, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომელმაც დღევანდელ გადაცემაში მთავარი თემაც ჯანდაცვის სექტორის გამოწვევები და მიღწევები იყო. მანამდე მან ამ საკითხებზე მე-14 ეკონომიკურ ფორუმზე ილაპარაკა, რომლის მთავარი თემაც ქვეყანაში მიმდინარე ჯანდაცვის პოლიტიკა იყო.

როგორც გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა,  არსებული სტატისტიკით, საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილი, მიუხედავად შემცირებისა, საკმაოდ მაღალია და სახელმწიფოს მთავარი გამოწვევა ამ წილის კიდევ უფრო შემცირებაა. 

„რამდენიმე დღის წინ, 7 ივნისს მე-14 ეკონომიკური ფორუმი გაიმართა, რომლის მთავარი თემა ჯანდაცვის სექტორის მთავარი გამოწვევები და შესაძლებლობები იყო.

მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკური ფორუმი არის საქართველოში უმაღლესი რანგის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს კერძო, სახელმწიფო და ანალიტიკურ სექტორს შორის მაღალი რანგის დიალოგს.

დისკუსიაში მთავარი სტუმარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იყო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე დაზღვევის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი.

ძალიან საინტერესო საკითხებზე ვისაუბრეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ძალიან ღიად ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც სისტემის ირგვლივ არსებობს. მან ფაქტობრივად დააანონსა და კიდევ ერთხელ მოუწოდა კერძო სექტორს ყველა მიმართულებით დიალოგისკენ.

ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავდა, რომ არის საკითხები, რომელიც უნდა გადაიჭრას, გადაწყდეს ან რეფორმა განხორციელდეს, სწორედ კერძო სექტორის ჩართულობით.

კერძო სექტორის მხრიდან აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანწილად არის გაუმჯობესებული კომუნიკაცია სამინისტროსთან, ასევე კერძო სექტორმაც გამოთქვა მზაობა სხვადასხვა მიმართულებით ჩართულობაზე. აღსანიშნავია, რომ ფაქტობრივად მთელი სადაზღვევო სექტორი მონაწილეობდა ეკონომიკურ ფორუმში, ისევე როგორც მონაწილეობდა სხვადასხვა ბიზნეს ასოციაცია. მათ შორის რა თქმა უნდა საქართველოს ბიზნეს ასოციაცია. მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგები და დიკუსიები გაგრძელდება“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.

გიორგი აბაშიშვლის შეფასებით, ჯანდაცვის პოლიტიკა და სოციალური პროგრამების მიმართულება არის ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტიდა წლიდან წლამდე ამ მიმართულებით იზრდება როგორც დაფინანსება ისევე ვხედავთ, რომ დაფინანსების ზრდის და სახელმწიფოს ჩართულობის პარალელურად მნიშვნელოვანწილად უმჯობესდება შედეგები.

„მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო საკმაოდ აქტიურად ქმედებების, ბიუჯეტირების დონეზე არის ჩართული ჯანდაცვის პოლიტიკის განსაზღვრაში, შემუშავებასა და განხორციელებაში, იმავდროულად საქართველო არის იმ ქვეყნების სათავეშიც კი, სადაც კერძო სექტორი ჯანდაცვის პოლიტიკის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე აქტიურად არის ჩართული.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის მაჩვენებელი წლიდან წლამდე გაუმჯობესებულია, გაზრდილია როგორც მოსარგებლეთა რაოდენობა, იმავდროულად დაფინანსების მაჩვენებელი მუდმივად არის მზარდი. თუ 2020-2022 წლების მაჩვენებელს ავიღებთ და 2013 წლის მაჩვენებლებს შევადარებთ, დრამატული სხვაობაა. 2023-2024 წლებში და მიმდინარე წელზე მხოლოდ 5 თვის მაჩვენებლებით ვსაუბრობთ,  უკვე 1 მილიონს გასცდა მოსარგებლეთა რაოდენობა, ხოლო დაფინანსების მაჩვენებელი 2 მლნ ლარს. 

სახეზეა ასევე ჯიბიდან გადახდების მაჩვენებლის შემცირება, გაზრდილია ასევე კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ მონაწილეობა ჯანდაცვის სექტორში, რაც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობას უსვამს ხაზს. თუ სადაზღვევო სექტორის პორტფელს დავაკვირდებით ჯანმრთელობის დაზღვევა არის ლიდერი პროდუქტი სადაზღვევო კომპანიების მხრიდან. ანუ ყველაზე მსხვილი წილი, 42% მოდის ჯანმრთელობის დაზღვევაზე. ეს ყველაფერი კი შეუძლებელია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის გარეშე - საყოველთაო ჯანდაცვა, პლუს კერძო სექტორის ასეთი აქტიური ჩართულობა. წლების განმავლობაში მზარდია ასევე დაზღვეულთა რაოდენობა, კარგია, როდესაც მოქალაქეები პასუხისმგებლობიანად იქცევიან. 

თუ დავაკვირდებით ონკოლოგიის მიმართულებით დაფინანსების სტატისტიკას, ვხედავთ, რომ აქაც დრამატულად გაზრდილია. სახელმწიფოს მონაწილეობის მაჩვენებელი ყველა მიმართულებით არის გაზრდილი. სახელმწიფო საკუთარ ძალისხმევას არ ზოგავს.

ბოლო პერიოდში რეკორდულადაა შემცირებული საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი. საუბარია 2023 წელს 11.8%-იან მაჩვენებელზე. შემცირების არსებული ტენდენცია გვაჩვენებს, რომ სწორი პოლიტიკა ხორციელდება არამხოლოდ ჯანდაცვის, ასევე სოციალური მიმართულებით. საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილი, მიუხედავად შემცირებისა, არის საკმაოდ მაღალი და ჩვენი და სახელმწიფოს მთავარი გამოწვევა, აუცილებლად კერძო სექტორის ჩართულობით, მნიშვნელოვანია ამ წილის კიდევ უფრო შემცირება. ზოგადად სიღარიბის შემცირება არის ერთადერთი შემცირება რაც ყველაზე მეტად გვიხარია. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის როლის გაძლიერება“, - განაცხადა აბაშიშვილმა. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები