2023 წლის ივლისში ივნისთან შედარებით ქვეყანაში ყველაზე მეტად ტრანსპორტი გაძვირდა, ხოლო წლიურ ჭრილში სასტუმროები, კაფეები და რესტორნების მომსახურება.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, თვიურ ჭრილში ტრანსპორტის მომსახურების ფასი 1,8%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზეა სასტუმროები, კაფეები და რესტორნების მომსახურება, რომელიც 1 თვეში 1%-ით გაძვირდა. დასვენება, გართობა და კულტურა კი 0,8%-ით გაძვირდა. საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში კი 0,6%-იანი გაძვირება დაფიქსირდა.
რაც შეეხება წლიურ ჭრილში მაჩვენებლებს, ირკვევა, რომ 1 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად, 9.7%-ით სასტუმროები, კაფეები და რესტორნები გაძვირდა. მეორე ადგილზეა განათლება, რომელიც ივლისიდან ივლისამდე პერიოდში 6,9%-ით გაძვირდა. ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფი კი საანგარიშო პერიოდში 6,3%-იან ზრდას აჩვენებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქსტატმა ივლისის ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2023 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.04 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.3 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.1 პროცენტით განისაზღვრა.
უახლესი