დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში - ISET- ის შეფასება

რა ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში - ISET- ის შეფასება

11-11-2023 22:59:43

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკომისიის რეკომენდაცია, გარდა იმისა, რომ პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენაა, დიდია ეკონომიკური  სარგებელიც, რაც შეიძლება ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებით მიიღოს.

ISET- ის კვლევითი ინსტიტუტის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლევან თევდორაძე Business Insider Georgia- თან ევროკავშირის სახელმწიფოებთან მჭიდრო პარტნიორული კავშირების გამყარებაზე საუბრობს.

მისი  თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ინსტიტუციური სისტემების, ასევე კერძო სექტორისთვის, რაც საბოლოოდ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე აისახება.

„რთულია პირდაპირი კავშირის დანახვა, რა გავლენა  შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკაზე ამ გადაწყვეტილებას, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი იკვეთება.

პირველ რიგში, ამგვარი სტატუსი პირდაპირ არის დაკავშირებული გარკვეულ ეკონომიკურ და ფინანსურ დახმარებასთან ევროკავშირის მხრიდან, საქართველოსთვის მჭიდრო პარტნიორული კავშირის ფარგლებში.

ბევრი მიმართულება, რასაც მხარს უჭერენ ჩვენი პარტნიორები, მათ შორის  ევროკავშირი, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რამდენიმე გზა მაინც შეიძლება დასახელდეს, რა მიმართულებითაც ევროკომისიის გადაწყვეტილებას პოზიტიური გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის. პირველია ის ძალისხმევა, რომელსაც დებენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ევროკავშირი, საქართველოს ინსტიტუციური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

ერთ შემთხვევაში ეს არის გარკვეული პროექტები კერძო სექტორის განვითარებისთვის, ვინაიდან ძლიერი კერძო სექტორი პირდაპირ ნიშნავს უფრო მეტად გაძლიერებულ ეკონომიკას და ეკონომიკურ შესაძლებლობებს, მეორეა ინსტიტუციური მიმართულებები, რაც მათთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიის კონტექსტში", - აცხადებს ლევან თევდორაძე.

რაც შეეხება ინსტიტუციურ სისტემებს, ეკონომისტი ყურადღებას სასამართლოს რეფორმაზე აკეთებს და დასძენს, რომ ამ სექტორის სიჯანსაღე დადებითი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის, გადაწყვიტონ ქვეყანაში ინვესტირება.

„შეიძლება გამოვყოთ  რეფორმები, მათ შორის, სასამართლო სისტემის რეფორმა, რა მიმართულებითაც კონკრეტული შედეგები ჯერჯერობით  არ გვაქვს. თუმცა შეინიშნება სისტემის გაჯანსაღების მცდელობა, რაც პოტენციური ინვესტორებისთვის დადებითი სიგნალია, გადაწყვიტონ ქვეყანაში ინვესტირება.

ინვესტიციების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ  მოხდეს პროდუქტიულობასა და ინოვაციურობაზე დაფუძნებული კაპიტალის მოზიდვა, რომლებიც თავის მხრივ კავშირშია დასავლურ ინვესტიციებთან, ვიდრე რუსულთან.

აქედან გამომდინარე,  ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა გრძელვადიან პერსპექტივაში. ამდენად, კერძო სექტორის  გაძლიერება გრძელვადიან პერიოდში დადებით ეკონომიკურ შედეგებს შეიძლება იწვევდეს, მაგრამ  მოკლევადიან პერიოდში იგი სიგნალია ინვესტორებისთვის, საქართველოს სასარგებლოდ დადებითი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად,  ეს არის კავშირები, რაც ამ მიმართულებით შეიძლება დავინახოთ. რეკომენდაციაც ცალსახად დადებითია, თუმცა ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად ქართველი ხალხის სურვილისა, დაუახლოვდეს ევროკავშირს, აუცილებელია  ამ მიმართულებით ხელისუფლებამაც გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯი და შესრულდეს პირობები, რაც აკისრია საქართველოს, რათა ქვეყანა გადავიდეს მოლაპარაკებების იმ საფეხურზე -  რა ეტაპზეც არიან უკრაინა და მოლდოვა და ჯერჯერობით არ არის  საქართველო", - აცხადებს ლევან თევდორაძე Business Insider Georgia- თან.

ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე 2023 წლის დეკემბერში მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 2022 წლის მარტში განაცხადა, რომ საქართველომ მიმართა ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იმავე წლის 3 მარტს კი წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა.
 

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები