დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა აფერხებს ყაზბეგში ტურისტული ნაკადების შემოსვლას - Step Inn-ის დამფუძნებლის შეფასება

რა აფერხებს ყაზბეგში ტურისტული ნაკადების შემოსვლას - Step Inn-ის დამფუძნებლის შეფასება

01-04-2024 13:26:00

10 თვეა რაც ვოპერირებთ. ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით, - ამბობს Business Insider Georgia-თან  სასტუმრო Step Inn-ის დამფუძნებელი ანი ალიბეგაშვილი.

ყაზბეგში, დაბა სტეფანწმინდაში 2 მილიონი ევროს მოცულობის ევროპული ინვესტიციით (გერმანულ-პოლონური კაპიტალი) სასტუმრო Step Inn-ი 2023 წლის ივნისში გაიხსნა. როგორც ანი ალიბეგაშვილი ამბობს, სასტუმრო ბიზნესში მთავარი გამოწვევა კადრების დეფიციტია თუმცა ყაზბეგში ტურისტული ნაკადების მოსაზიდად სხვა პრობლემაც იკვეთება.

„სირთულეებს ვაწყდებით კადრების შერჩევის კუთხით. კადრების მობილიზება არის ყველაზე დიდი გამოწვევა რადგან, ამ სეგმენტის პროფესიონალები ქვეყანაში ცოტა დარჩა და დაბალი სეზონის დროს, ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა.

ასევე, ყაზბეგში სასტუმრო ბიზნესისთვის საკმაოდ დიდ  გამოწვევას წარმოადგენს ყაზბეგი-თბილისის გზა, რომელიც ტრაილერების მოძრაობის შედეგადაა გადატვირთული, იქმნება საცობები, რაც ტურისტების გადაადგილებას აფერხებს. კობი-გუდაურის მონაკვეთზე, რადგან ზვავსაშიში ზონაა, ტრაილერებს გვირაბებში უწევთ შესვლა და ამ მონაკვეთში ორი მანქანა ერთმანეთს გვერდს ვერ უვლის. არის ცალმხრივი მოძრაობა, რაც ცალსახად უარყოფით გავლენას ახდენს ტურისტული ნაკადების შემოდინებაზე ყაზბეგში“, - ამბობს ანა ალიბეგაშვილი.

მისი თქმით, ამ ფაქტორების გამო, Step Inn-ის დატვირთულობა ზამთრის სეზონზე საკმაოდ დაბალი იყო.

„ზამთრის სეზონზე სასტუმრო დაახლოებით 20%-ით იყო დატვირთული. შესაბამისად, ზამთრის პერიოდი იყო რთული, თუმცა გარკვეული პროექტების ხარჯზე შევძელით სტუმრების მასპინძლობა.

აპრილ-მაისიდან აქტიურდებიან უცხოელი დამსვენებლები და სხვადასხვა ინტერესის მქონე ტურისტები როგორც ალპინისტები, ისე ჩიტებზე დამკვირვებლები იწყებენ ყაზბეგში ჩამოსვლას. ამ  დროისთვის ნელ-ნელა უკვე ავედით 50%-იან დატვირთვაზე. ზაფხულის ჯავშნების მიღებაც აქტიურად დავიწყეთ. ჯავშნებზე როგორც ინდივიდუალურად, ისე მაღალი მოთხოვნაა ტურისტული კომპანიების მხრიდანაც.

ზამთარში 150-დან 250- ლარამდე მერყეობდა სასტუმრო ოთახის ღირებულება. მაისის ბოლომდე ფასები 250-დან 350-ლარამდე იქნება. ზაფხულში კი ოთახის კატეგორიიდან გამომდინარე ისევ სტანდარტულ ფასებს დავუბრუნდებით და 1-ღამის ღირებულება 300-დან 500 ლარამდე იქნება. ფასში საუზმე, დღგ და აუზით სარგებლობაა გათვალისწინებული“, - ამბობს ანი ალიბეგაშვილი.

Step Inn-ს აქვს 19 სასტუმრო ოთახი და როგორც დამფუძნებელი ამბობს მაქსიმალური დატვირთვის შემთხვევაში ჯამში 54 სტუმრის განთავსებაა შესაძლებელი.

„8 კატეგორიის ოთახი გვაქვს, რომელიც შესაბამისადაა აღჭურვილი და მორგებულია ყველა ტიპის დამსვენებლის სურვილებზე“, - ამბობს ანი ალიბეგაშვილი.

მისი თქმით, ზამთრის განმავლობაში ჯავშნებში ძირითადად საქართველოს მოქალაქეები ლიდერობდნენ, ახლა კი ევროპელი ტურისტები ჭარბობენ. პაუზის შემდეგ, სასტუმროში ჯავშნები შევიდა ისრაელიდან, დაახლოებით 20% უკავიათ რუსულენოვან დამსვენებლებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები