დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პურის ფასი არის სტაბილური და ახლო მომავალში გამოწვევებს არ ველოდებით - ლევან სილაგავა

პურის ფასი არის სტაბილური და ახლო მომავალში გამოწვევებს არ ველოდებით - ლევან სილაგავა

20-08-2024 18:00:00

ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 1-ელ სექტემბრამდეა აქტიური და ახლა ხორბლის გადამამუშავებლები აღნიშნული გადასახადის კიდევ რამდენიმე თვით გახანგრძლივების მოლოდინში არიან. როგორც Business Insider Georgia-სთან ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა აცხადებს, ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში ხორბლის იმპორტი უფრო მაღალ მაჩვენებლებზეა, ვიდრე ფქვილის იმპორტი. 

„გავიდა წელიწადზე მეტი, რაც საქართველომ დამაბალანსებელი გადასახადი შემოიღო. შესაბამისად თუ ავიღებთ გასული წლის ივლისიდან დღევანდელ დღემდე პერიოდს საკმაოდ აქტიურად იმუშავა ამ გადასახადმა. მიმდინარე სტატისტიკას თუ გადავხედავთ რეალურად ფქვილი გაცილებით ნაკლები შემოდის და მეტია ხორბლის იმპორტი. ამ პროცესმა ასევე ხელი შეუწყო ადგილობრივი ხორბლის მიღება ჩაბარებას, რაც ახლა აქტიურად მიმდინარეობს.

შესაბამისად სიტუაცია ძველ ბალანსს უბრუნდება, რაც იყო იმ პერიოდამდე ვიდრე რუსეთი მცურავ ბაჟს შემოიღებდა. 2021 წლის ივლისში, როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ მცურავი ბაჟი შემოიღო ამან სრულად დაარღვია ხორბლისა და ფქვილის იმპორტის სტატისტიკის ბალანსი. მაშინ ფქვილის აგრესიულმა იმპორტმა სერიოზული ზიანი მიაყენა, როგორც ხორბლის ადგილობრივ გადამამუშავებლებს, ისე ხორბლის ადგილობრივ წარმოებას.

დღეისათვის კი სტატისტიკა ასე გამოიყურება: იმპორტის მხრივ ძირითადად შემოდის ხორბალი. შემოდის ფქვილიც, რომელიც ქვეყანაში ხორბალთან მიმართებაში საკმაოდ კონკურენტულ ფასებში შემოდის. შესაბამისად, ორივე მიმართულებას როგორც ხორბლის, ისე ფქვილის იმპორტს შესაძლებლობა აქვს, რომ კონკურენტულ გარემოში იყვნენ ერთმანეთთან და შეჯიბრებითობის პრინციპით ხდება ის, რომ ბაზარზე ფქვილის დაბალი ფასია როგორც ადგილობრივის ისე იმპორტირებულის. რაც თავის მხრივ ხელშეწყობაა პურის წარმოების მიმართულებით. პურის ფასი არის სტაბილური და ახლო მომავალში გამოწვევებს არ ველოდებით“, - აცხადებს სილაგავა.

მისივე თქმით, რაც შეეხება ადგილობრივი ხორბლის ჩაბარებას, პროცესი უკვე დასრულების ფაზაში გადადის.

„ხორბლის მოსავლის ნაწილი უკვე ჩაბარებულია შარშანდელი ხორბლის მოსავლის ფასზე უფრო მაღალი ფასში. საუბარია 1 კგ ხორბალზე 60-65 თეთრი, ხოლო შარშან 55 თეთრის ფარგლებში იყო. ესეც დადებითი ტენდენციაა და თუ მომავლისკენ გავიხედავთ მსოფლიო ელოდება რომ ხორბლის დაბინავების შემდეგ ფასების წამოწევა მოხდება, რაც ჩვენს ადგილობრივ ფერმერებს საშუალებას მისცემს, რომ უფრო მაღალი ფასით ჩააბარონ სასურსათო ხორბალი. თუმცა ეს არის პროგნოზი და ყველა ფერმერი ხორბლის შენახვას და დაბინავებას საკუთარი რისკის ფასად ახდენს“, - ამბობს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

ლევან სილაგავა ამბობს, რომ დღეისათვის ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისთვის საჭირო ხორბლის 20%-მდე უკვე ადგილობრივია, როცა წინა წლებში მისი წილი მხოლოდ და მხოლოდ 10%-ი იყო. 

„დღეისათვის ქვეყნის მიერ ხორბლის მოხმარების 15-20 %-ი არის ადგილობრივი ხორბალი. სტატისტიკურად ბოლო წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი რაოდენობის ხორბლის მოსავალი მივიღეთ, ვიდრე შარშან. სავარაუდო რაოდენობა 200 ათას ტონა ხორბალზე ადის. გასულ წელს იყო 150 ათასი ტონა. შესაბამისად ეს გასულ წელთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია და მოტივაციაა მეხორბლეებისთვის“, - აცხადებს სილაგავა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 134,293.35​ ტონა ხორბლის იმპორტი მოახდინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი 93,028.01 ტონას შეადგენდა. 

საგულისხმოა, რომ საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 2023 წლის 12 ივნისიდან მოქმედებს და დღეისათვის ტონაზე 250 ლარამდეა. მოგვიანებით, საიმპორტო გადასახადი ფქვილის შემდგომ ქერსა და ქატოზეც დაწესდა და 100 ლარით განისაზღვრა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები