პოლონეთი ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად უჭერდა მხარს საქართველოს საზოგადოების მისწრაფებას, რომ ჰქონოდა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მშვიდობა, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მას სჯერა, რომ ევროპის მშვიდობა და უსაფრთხოება სრულად მაშინ იქნება რეალიზებული, როდესაც შესაძლებელი იქნება, განვითარების მოდელისა და უსაფრთხოების ჰარმონიზება.
„მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მინისტრს, ილია დარჩიაშვილს საქართველოში სამუშაო ვიზიტით მოწვევისთვის, მსოფლიოში ცნობილი ქართული მასპინძლობის გაწევისთვის. საქართველო და ქართული საზოგადოება ტრადიციულად დიდი სიმპათიით სარგებლობს პოლონეთში. იმ სიმპათიით, რომელიც ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდში და ასევე რუსეთის იმპერიალიზმის წინააღმდეგ ერთობლივი წინააღმდეგობის გაწევისას, რომლის მსხვერპლი არის დღეს უკრაინა, 2008 წელს კი საქართველო იყო. პოლონეთი ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად უჭერდა მხარს საქართველოს საზოგადოების მისწრაფებას, რომ ჰქონოდა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მშვიდობა. ასევე განვითარების მოდელის, ალიანსისა და ინტეგრაციული ინსტიტუტის არჩევის სუვერენულ უფლებას.
ღრმად გვწამს, რომ ევროპის მშვიდობა და უსაფრთხოება სრულად იქნება რეალიზებული, როდესაც შესაძლებელი იქნება, განვითარების მოდელისა და უსაფრთხოების ჰარმონიზება ჩვენს კონტინენტზე, როდესაც ევროპა, ჩვენი თანამემამულის, რომის პაპ იოანე-პავლე მეორის დიდი ოცნების შესაბამისად, როგორც მან ევროპარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, შეძლებს ორი ფილტვით სუნთქვას, ორი ტრადიციით, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპა", -განაცხადა რაუმ.
უახლესი
41 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა